წულუკიანი – სტრაზბურგის გადაწყვეტილება ორივე მხარემ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ასევე სახელმწიფომ მოკლე ვადებში უნდა შეასრულოს

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ინტერპრეტაციების საშუალებას არ იძლევა.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ასევე სახელმწიფომ მოკლე ვადებში უნდა შეასრულოს.

„ვნახეთ ის წერილი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოდან შემოვიდა და ვერავითარი ინტერპრეტაციები ამ წერილს ვერ მიეცემა, გარდა იმ ინტერპრეტაციებისა, რის საშუალებასაც ეს წერილი თავად იძლევა, რადგან ეს წერილი არის შავით თეთრზე შედგენილი და ძალიან ძნელია მასში იგულისხმო ის, რაც ნაგულისხმევი არ არის. ცალსახად არის მითითებული, რომ სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს ბატონ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, უფრო მეტიც, არამცთუ მოუწოდებს, ავალებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომჩივანმა სააკაშვილმა სტრასბურგის ეს დავალება შეასრულოს, რომ შეძლოს ეფექტიანად ჩივილი გააგრძელოს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ეს არის ელემენტარული პროცედურული საკითხი. როდესაც ერთი მხარე იღებს, ან რომელიმე მხარე იღებს დავალებას 39-ე მუხლის საფუძველზე, ეს დავალება უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოცემული მხარე თუ ამ დავალებას არ ასრულებს, ის არ არის კეთილსინდისიერი. რა თქმა უნდა, ეს არის ის დავალება, რომელიც ძალიან გვახარებს, რადგან ეს ის მოწოდებაა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით, მათ შორის მეც“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა.

„კიდევ ერთხელ ვისარგებლებ ამ შემთხვევით და ბატონ სააკაშვილს მოვუწოდებ შიმშილობის შეწყვეტისკენ, ვინაიდან ნებისმიერი შიმშილობა ნებისმიერი ადამიანისთვის არის საზიანო და ჩვენი მიზანია, რომ ის სასჯელს იხდიდეს უსაფრთხო პირობებში და ჯანმრთელად. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის ყველა პატიმართან მიმართებაში და რა თქმა უნდა მასთან მიმართებაშიც. ასევე, ამ წერილში წერია, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი შეასრულებს თავის ნაწილში დავალებას და შეწყვეტს შიმშილობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს პოსტშიმშილობის პერიოდში სათანადო, ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა. აქ არ ვფიქრობ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არსებობს, ვინაიდან სამედიცინო მკურნალობა, რაც ამ პატიმარს დასჭირვებია, ყველაფერი აღმოჩენილი ყოფილა დღემდე და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ის მოკლე ვადები, რაც მიეცა სახელმწიფოს და რაც მიეცა სააკაშვილის დაცვას, ამ ვადებში ორივე მხარეს მოუწევს, რომ შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია წარადგინოს. შესაბამისად, საუბარი ამ წერილში არ არის და ვერც ვერავინ დააბრალებს ამ წერილს, სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში, ამაზე ამ წერილში საუბარი არ არის, თუმცა საუბარია, რომ როგორც კი სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მას გაეწიოს სათანადო მკურნალობა და უზრუნველყოფილი იყოს ციხეში მისი უსაფრთხოება. ეს არის ელემენტარული საბაზისო წესები პატიმართან მოპყრობის, რასაც ჩვენ ყოველთვის, ყველა პატიმართან მიმართებაშიც ვიცავდით და მომავალშიც პენიტენციური სამსახური დაიცავს“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე „ოცნებას“ – ნუ აკეთებთ ინტერპრეტაციას, საერთაშორისო სასამართლოს ნორმების კითხვა ყველამ კარგად იცის
შემდეგი სტატიახვიჩია – მტკივნეულია, როცა ციხეში ზიხარ და შენიანები სასაცილო ივენთებს აწყობენ