ხათუნა ლაგაზიძე : პაატა ბურჭულაძე კი ჩემი კალთის უკან იმალებოდა

ვაშაძე-ჯაფარიძე-კუბლაშვილთან გაერთიანების შემდეგ, პარტიაში სრულიად მიზანმიმართულად დავრჩი, – განაცხადა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” გამგეობის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ გადაცემა 2030-ში.
“მერაბ მეტრეველსაც ვუთხარი, რომ ეს ჩვენი ომი იყო; უნდა დავრჩენილიყავით და ყოფილი ნაციონალებისთვის ხელისუფლებაში მოსვლის კიდევ ერთი შანსი არ მიგვეცა. ჩემი პრინციპული ამოცანა იყო, კუბლაშვილების ოჯახისთვის, რომელმაც ქვეყნის სასამართლო სისტემა დაატერორა, დაანგრია და, რომელთა მხრებზეც უამრავი ქართველის სიცოცხლის უკაცრავად და, გათეთრება დევს, სია არ დამეთმო და მებრძოლა. მე სიაში მხოლოდ საკუთარ თავს არ ვგულისხმობდი. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ გუნდი, რომელიც პარტიას პაატა ბურჭულაძესთან ერთად აშენებდა, სიაში არ უბრალოდ არ იყო. პერსპექტიულ სიაში არ იყო ის თაობა, რომლითაც ბურჭულაძე თავს იწონებდა და, როგორც ჩანს, ამომრჩეველს ატყუებდა”, – განაცხადა ლაგაზიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბლოკის შექმნის დროს გარიგება მოხდა და გარიგების საგანი სიის პირველი 12 ადგილი იყო.
“მათ მიანჩნდათ, რომ 12 ადამიანს ჰქონდა პერსპექტივა, რაზეც მეცინებოდა, მაგრამ პაატა ბურჭულაძე საღ აზრს ანგარიშს ნაკლებად უწევდა. მათ12-კაციანი სია ჰქონდათ, სადაც 12-ვე კაცი ნაციონალი იყო. ჩემი ამოცანა იყო, 6 კაცი მაინც არ ყოფილიყო ნაციონალი. სიაში ჩვენი პარტიიდან 6 კაცი მაინც რომ შესულიყო და ერთი ფრაქციის დაკომპლექტების საშუალება მაინც გვქონოდა, ბოლოს შექმნილ რეალობაში ჩემთვის ესეც დიდი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ პოლიტიკური მიზნისთვის არ იბრძოდა. ეს სია იმის მტკიცებულებაა, რომ პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტიაც, სიაც და საკუთარი ავტორიტეტიც. ყველაფრის კომპრომისის ფასად მე სიაში ვერ ვიქნებოდი. მე არ ვარ პაატა ბურჭულაძე, რომელიც საკუთარ სინდისთან კომპრომისზე მიდის”, – განაცხადა “სახელმწიფო ხალხისთვის” გამგეობის ყოფილმა წევრმა.
ხათუნა ლაგაზიძე პავლე კუბლაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებასაც გამოემაურა.
“პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მე იქ ინტრიგებს ვხლართავდი. ეს ინტრიგები არ იყო; ეს იყო ბრძოლა კუბლაშვილების კლანის წინააღმდეგ. მე ის ერთი თვე არ ვიყავი აქტიური, თორემ მთელი პარტია რომ გადაადნოთ, ჩემს აქტიურობას ვერ შეედრება. ბრძოლაში მე მივდიოდი, მთავარ სათქმელს მე ვამბობდი და პაატა ბურჭულაძე ჩემი კალთის უკან იმალებოდა”. -განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

banner
წინა სტატიაშიგომბორის უღელტეხილზე მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიათვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის დელეგაცია იტალიასა და სან-მარინოში იმყოფებოდა