ხაჭაპურიძე – თუ ხელისუფლება არ ენდობა ჩვენს ექსპერტებს, ვთავაზობთ, რომ ჯგუფების მუშაობაში საკუთარი ექსპერტები ჩართონ – რა ტიპის ექსპერტიზაც გაუხარდებათ, ვინც უნდათ და როგორც უნდათ, ჩვენ ღია ვართ

თუკი სასჯელაღსრულების პენიტენციურ დეპარტამენტს ამის სურვილი ჰქონდა, დიდი ხნის წინ თავად უნდა ჩაეტარებინა ეს ექსპერტიზა. რათა საქმე არ გაჭიანურდეს, ახლავე შეუძლიათ ამ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავისი ჯგუფები – იქნება ეს სამხარაული თუ სხვა კერძო ექსპერტიზა, ვისაც თავად საჭიროდ ჩათვლიან, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, საქმის გაჭიანურება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებასთან არის დაკავშირებული.

„10 თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილი პატიმარია. ამ დროის განმავლობაში, პირველი დღიდან ისმის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჩემი აზრით, სასჯელაღსრულების პენიტენციურ დეპარტამენტს თუკი ამის სურვილი ჰქონდა, დიდი ხნის წინ თავად უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა. ბატონ რატის [ბრეგაძე], როგორც იურისტს, დიდ პატივს ვცემ, თანაქალაქელები ვართ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის ტერმინი „საქმის გაჭიანურება“. ამჟამად ეს ემსახურება მხოლოდ გაჭიანურებას, ამიტომ რათა გაჭიანურებას არ ჰქონდეს ადგილი, ვთავაზობთ გამოსავალს. ახლავე შეუძლიათ ამ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავისი ექსპერტები, იქნება ეს სამხარაულის თუ სხვა რომელიმე კერძო ექსპერტიზა, ვისაც თავად საჭიროდ ჩათვლიან.

თავად საქმის გაჭიანურება დაკავშირებულია ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესებასთან. რათა მოვიქცეთ ჰუმანურად და პროცესუალურად და კანონის ჩარჩოებში, ახლავე ვთავაზობთ, რომ ჩაერთონ ამ ჯგუფების მუშაობაში. რა ტიპის ექსპერტიზაც მათ გაუხარდებათ, ვინც უნდათ და როგორც უნდათ, ჩვენ ღია ვართ და ერთადერთი თხოვნა გვაქვს – საქმე არ უნდა გაჭიანურდეს.

თუ ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დანიშნავს რომელიმე დაწესებულება სასამართლო ექსპერტიზას, აქ შეიძლება გამოყენებულ იქნას ხრიკი, რომელსაც ხშირად მიმართავს სახელმწიფო – როდესაც ჩაუტარდა პირველი ექსპერტიზიდან მეორე ექსპერტიზამდე გარკვეული მკურნალობა და გაუმჯობესდა მდგომარეობა. ეს არაერთხელ ვნახეთ, ამიტომ ყველაფერი სუფთად, თამაშის წესების და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად რომ იყოს, თუ მათ ამის სურვილი გააჩნიათ და არ ენდობიან იმ ექსპერტებს და საექსპერტო დასკვნას, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ, ჩაერთონ ამ პროცესში“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

უცხოელ ექსპერტებზე საუბრისას, ხაჭაპურიძემ ასევე აღნიშნა, რომ „შეურაცხმყოფელია ამ ხარისხის ექსპერტებში ეჭვის შეტანა“.

„გარდა ამისა, ამ საქმეში გვეყოლებიან სასამართლო მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთი ბატონ რატის [ბრეგაძის] ლექტორიც იყო. ასევე იქნება სტრასბურგის სასამართლოს ადვოკატი, რომელიც სტრასბურგის მთავარ სასამართლოში არის უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე. ამ ყველაფერში ეჭვის შეტანა, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, თუმცა ეს მხარის უფლებაა, რომელსაც ვერ შევზღუდავთ და პირიქით, მზად ვართ ღიაობისთვის.

მიხეილ სააკაშვილთან არ მისაუბრია, თუმცა ყოველთვის ამბობდა, რომ შემამოწმონ, შეისწავლონ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეტსაც გეტყვით, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დანიშნულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ფსიქიატრიული, ქიმიური და კიდევ რამდენიმე ექსპერტიზა. ეს ექსპერტიზები არ დაწყებულა და თუ ასეთი ინტერესი იყო, ჩატარებულიყო ეს ექსპერტიზა. ახლა მთელი ჩვენი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროსკენ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – კარგი პრაქტიკაა, როცა არასამთავრობოები ასახელებენ ომბუდსმენის კანდიდატს, თუ ხელისუფლება ამის რევიზიას მოახდენს, მკაცრი რეაგირება გვექნება
შემდეგი სტატიაერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა