კალაძე – ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი, შევაფასო ოპონენტები ან მათი საარჩევნო კამპანია, ეს არ არის ჩემი საქმე

ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი, შევაფასო ოპონენტები ან მათი საარჩევნო კამპანია, მე მაქვს ჩემი გეგმები და კონცეფცია, როგორ უნდა გალამაზდეს ქალაქი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ისაუბრებს ქალაქის მოწესრიგებაზე და არა ოპოზიციის შეფასებაზე.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი, ოპონენტების შეფასება დავიწყო ან მათი საარჩევნო კამპანიის. მე მაქვს ჩემი გზა, ხედვა, გეგმები, მაქვს ჩემი კონცეფცია, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის გალამაზება, განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მთელი ჩემი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვისაუბრებ მხოლოდ ამ თემებზე და არა ოპოზიციის შეფასებაზე. მათი გადასაწყვეტია, მე ვერ დავიწყებ მარჩიელობას, ოპოზიცია რომელ კანდიდატს დააყენებს. ეს არ არის ჩემი საქმე, ჩემი საქმე არის, საზოგადოებას ვესაუბრო სამომავლო გეგმებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერობის არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს, რათა ის პრობლემები, რომელიც ქალაქში არსებობს, მოგვარდეს და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ადამიანებმა იამაყონ.

„ჩემს შანსებს რაც შეეხება, მინდა ვთქვა და ამის თქმის უფლებას მაძლევს თბილისში მცხოვრები ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება, რასაც ვგრძნობ ყოველდღიურ რეჟიმში. მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ხედავთ, რომ უამრავ ადამიანთან გვაქვს შეხვედრა, კომუნიკაცია. ეს განწყობა მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ვიქნებით გუნდი, რომელსაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოუწევს ქალაქზე ზრუნვა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მე კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს, იყო ქალაქის მერი. ოთხი წლის შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვიცი და ნათლად ჩანს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქალაქის ხელმძღვანელობას. გულწრფელად გეუბნებით, ყველაფერს გავაკეთებ 24-საათიანი მუშაობით, რომ მაქსიმალურად, ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც წლებია, არსებობს, ღირსეულად ვუპასუხოთ და ყველა ადამიანმა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, იამაყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, შეასრულებს თუ არა „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება, კალაძემ განაცხადა:

„ჩვენ რა ვალდებულებებიც გვაქვს აღებული, მას აუცილებლად შევასრულებთ და გავაკეთებთ, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული და რაზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას, შევასრულებთ“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – პრემიერის განცხადება ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით სწორი და მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატია,,ლელოს” ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად სოფო შამუგია აირჩიეს