ჯუანშერ ბურჭულაძე: რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა ლოკალური უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება

რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა ლოკალური უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „თავდაცვის ძალების გაძლიერების სამოქმედო გეგმა 2020-2030“ წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გეგმა იმ ნაბიჯების ერთობლიობაა, რომელიც ჩვენს თავდაცვის ძალებს აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადაიყვანს. მინისტრმა ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა.

„თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხედვა ლოკალური, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების ანალიზს ეფუძნება, რასაც ეროვნული საფრთხეების შეფასების დოკუმენტი განსაზღვრავს. ჩვენი ანალიზით, ლოკალური უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა. ასევე, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში უსაფრთხოების ფორმალური საერთაშორისო გარანტიების არარსებობა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს. მათ შორის ბორდერიზაციის პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური, საგარეო-პოლიტიკური კურსის დისკრედიტაციის მიზნით.

ასევე, რეგიონული უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევაა, რუსეთის მცდელობები, დააბრუნოს მეზობლები და მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნები საკუთარ პოლიტიკურ ორბიტაზე, ან სულ მცირე, აღკვეთოს მათი დასავლეთთან ინტეგრაცია. გასათვალისწინებელია რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები და მცდელობები, შეინარჩუნოს უპირატესობა რეგიონში.

რაც შეეხება გლობალურ დონეზე უსაფრთხოების გამოწვევებს, რუსეთი შეეცდება შეასუსტოს აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის როლი და გავლენა გლობალურ პოლიტიკაში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია