ჯემალ გამახარია: ქართველი ხალხის მიერ 1978 წლის 14 აპრილს მოპოვებულ გამარჯვებას საქართველო არასოდეს შეელევა

დედაენის დღე

ქართველი ხალხის მიერ 1978 წლის 14 აპრილს მოპოვებული გამარჯვება, საქართველომ გონივრული პოლიტიკით, ოკუპირებულ ორივე რეგიონში უნდა აღადგინოს.

1978 წლის 14 აპრილს, ახალგაზრდობის, ინტელიგენციის, მთელი ერის ერთ მუშტად შეკრულმა მტკიცე ძალამ, დედაქალაქის სხვადასხვა კუთხიდან დაძრულმა ხალხმრავალმა მანიფესტაციამ, რომელიც მთავარ გამზირზე – რუსთაველზე შეიკრიბა, უკან დაახევინა იმხანად მძლავრი საბჭოეთის მესვეურთ. კრემლმა ვერ გაბედა დაპირისპირებოდა საქართველოს მოქალაქეების სამართლიან ვნებათაღელვას და შეცვალა განზრახვა საქართველოს კონსტიტუციიდან ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ამოღების შესახებ. საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებს საქართველოს სსრ-ის კომპარტიის ცკ-ს პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ აუწყა, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისთვის უჩვეული დათმობაზე წავიდა და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
ეს დღე – 1978 წლის 14 აპრილი, მართლაც, დიდი დღეა საქართველოს ისტორიაში. ამ დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველი ერი არასოდეს დათმობს საკუთარ თვითმყოფადობას, იდენტობას, მრავალსაუკუნოვან ენას და დამწერლობას.
სამწუხაროდ, სადღეისოდ, საქართველოს ოკუპირებულ ორ რეგიონში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ქართულ ენას დე ფაქტო შეჩერებული აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი; კრემლი ყოველნაირად ცდილობს განახორციელოს იქაურობის რუსიფიკაცია – ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთა რუსულენოვან ხალხად ჩამოყალიბება, რასაც ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევით ესწრაფვის; თუმცა XXI საუკუნეში ეს დიდხანს ვერ და არ გაგრძელდება.

ქართველი ხალხის მიერ 1978 წლის 14 აპრილს მოპოვებულ გამარჯვებას საქართველო არასოდეს შეელევა. მიზანმიმართული, გონივრული, მშვიდობიანი პოლიტიკით, ერთობითა და სიყვარულით, ჩვენ უნდა შევძლოთ, ამ დღის აღსანიშნავად და უკვდავსაყოფად, 1990 წელს დაწესებული დედა ენის დღე, მალე ორივე რეგიონში აღდგეს!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს სახელით, დედა ენის – ქართული ენის დღეს გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს; დაე, უძველესი და უმდიდრესი ქართული ენა ეკონომიკურად გაძლიერებულ, თავისუფალ, დემოკრატიულ და გაერთიანებულ საქართველოში ფსოუდან წითელ ხიდამდე, სამარდჟამოდ სუფევდეს!

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – არის მცდელობა ივანიშვილის გარშემო „ბ“ გუნდის გაკეთების
შემდეგი სტატიააშშ-ს შემდეგ ავღანეთიდან ჯარებს გერმანია და ბრიტანეთიც გაიყვანენ