ჯაში ფერეიდნელი ქართველების ღონისძიებას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში დღეს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ფერეიდნელი ქართველებისთვის ქართული ენისა და სიმღერების შემსწავლელი კურსების დასკვნით ღონისძიებას დაესწრო.

პროექტს „ქართული ენისა და სიმღერების შემსწავლელი კურსები ფერეიდნელი ქართველებისთვის“ ახორციელებს „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“. “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21”-ის ხელმძღვანელ ზვიად ტომარაძის განცხადებით, პროექტი ერთი წელია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის მანძილზე ფერეიდნელი ქართველი ახალგაზრდების ხუთ ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა ამ პროექტის ფარგლებში ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ერთი თვის განმავლობაში შეესწავლათ ქართული ენა და ქართული ხალხური სიმღერები. ხუთი ჯგუფიდან ორი საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა, სამი კი -საქართველოს პრეზიდენტის ფონდმა.

საღამოს საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნომადი ბართაია, თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე.

ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა პროექტის ფარგლებში შესწავლილი ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. მათ გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

პროექტის მონაწილეებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა.

„ფერეიდნელი ქართველები, ირანში მცხოვრები ოჯახები, უკვე ოთხი საუკუნეა ინარჩუნებენ ქართულ ენასა და ტრადიციებს. მე-17 საუკუნიდან, გადასახლების შემდეგ, უამრავი სირთულის მიუხედავად, მათ არ დავიწყებიათ საქართველო და დღემდე ფერეიდნულ დიალექტზე შემოუნახავთ ჩვენი ენა. მოხარული ვარ, რომ თბილისის პირველ გიმნაზიაში, ჩემს მშობლიურ სკოლაში, ჩემი პედაგოგები თავს არ ზოგავენ, რომ შენარჩუნდეს, კიდევ უფრო გაძლიერდეს და მომავალ თაობებს გადაეცეს ის განსაკუთრებით მოსაფრთხილებელი მეგობრობა, რომელიც ფერეიდნელ ქართველებთან გვაკავშირებს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

როგორც საღამოს დასასრულს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამ პროექტმა იმდენად დიდი დაინტერესება გამოიწვია ფერეიდნელ ქართველებში, რომ სამომავლოდ იგი არა თუ გაგრძელდება, არამედ კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

banner
წინა სტატიაშიარ მივცეთ უფელბა!
შემდეგი სტატიაგიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივიდა