ჯანმო – სამუშაო საათების რაოდენობის ზრდის გამო, ადამიანებში ინსულტის საფრთხე იმატებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ სამუშაო საათების რაოდენობის ზრდის გამო, ადამიანებში ინსულტის საფრთხე იმატებს. კვლევის მიხედვით, დასაქმებულებში, რომლებიც კვირაში 55 საათს და მეტს მუშაობენ, ინსულტის რისკი 35 პროცენტითაა მომატებული, ხოლო გულის იშემიური დაავადებების შედეგად გარდაცვალების საფრთხე 17 პროცენტით მატულობს, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც კვირაში 35-40 საათს მუშაობს. ამის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ერთობლივ კვლევაში.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 2000-დან 2016 წლამდე პერიოდში, სამუშაო საათების გახანგრძლივების გამო, ინსულტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 19 პროცენტით, ხოლო გულის დაავადებით სიკვდილიანობა 42 პროცენტითაა მომატებული. მხოლოდ 2016 წელს ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკით მუშაობის გამო, მსოფლიოში ინსულტით და გულის სხვა დაავადებებით 745 000 ადამიანი გარდაიცვალა.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით ცუდად ხანგრძლივი სამუშაო საათები მამაკაცებზე მოქმედებს.

გარდაცვლილთა 72 პროცენტი სწორედ მამრობით სქესზე მოდის.

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ზედმეტად დიდხანს მომუშავე გლობალური მოსახლეობის ცხრა პროცენტი მუშაობს და ეს რიცხვი იზრდება.

„არც ერთი სამუშაო არ ღირს იმად, რომ ინსულტის საფრთხის წინაშე დააყენო თავი“, – ასე გამოეხმაურა გამოქვეყნებულ ანგარიშს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის 50 – ზე მეტი პარლამენტარის წერილი: ”თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევებთან მიმართებაში უფრო აქტიური პოზიცია უნდა იქნას დაკავებული”
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით