იანოშ ჰერმანი: იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის თარიღი შორს არ არის

ძალიან ბედნიერი ვარ, ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა და ეს პროცესი წინ მიდის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

„ხშირად მისვამენ ამ კითხვას – როდის მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას. თუ არის ვინმე, ვისაც ჩემსავით აღელვებს ამ საკითხის მნიშვნელობა, ეს არის ქართველი ხალხი. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ საქართველო და ევროკავშირი დავაახლოოთ ერთმანეთთან. ქართველებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი წინ მიდის. გუშინდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომელიც გაახლოებთ საბოლოო გადაწყვეტილებასთან. იმედი მაქვს, პროცესი გაგრძელდება. ხშირად ვამბობთ, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, პროცესი თვითონ ევროკავშირშიც გრძელდება. ჩვენ დიდი გაერთიანება ვართ, ვართ 28 დემოკრატიული ქვეყნის გაერთიანება და თითოეულს ჩვენი პროცესები გვაქვს, მაგრამ ამ პროცესებს უნდა მივყვეთ”, – განაცხადა ჰერმანმა.

მისივე თქმით, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმ გზაზე, რაც საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიიყვანს ქვეყანას.

„იმედი მაქვს, ეს საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. მე არ შემიძლია კონკრეტული თარიღის თქმა, ევროკავშირში ქართველებთან დაკავშირებული დისკუსია გრძელდება. იმედი მაქვს, რომ ეს კონკრეტული თარიღი არ იქნება შორს“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაში“საჯაროდ გადავჭრი პარტიის წევრობის მანდატს”- “ნაცმოძრაობას” დაგეგმილი პროვოკაციის გამო ტოვებენ
შემდეგი სტატიასასწრაფოდ: ”სუსმა” მომაკითხა სახლში, იძულების წესით მივყავარ” -“თავისუფალი ზონის” წევრი