“საჯაროდ გადავჭრი პარტიის წევრობის მანდატს”- “ნაცმოძრაობას” დაგეგმილი პროვოკაციის გამო ტოვებენ

იგორ შეიკინი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრობს და პარტიის დატოვების შესახებ აკეთებს განცხადებას.

“მე, იგორ შეიკინი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გავერთიანდი 2006 წელს, 2012 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდგომ, ახალი შემართებით დავიწყე პოლიტიკური მოღვაწეობა “ნაციონალურ მოძრაობაში”, პარტიის ლიდერებისგან გადმომეცა მანდატი მიხეილ სააკაშვილისა და ივანე მერაბიშვილის ხელმოწერით. პარტიაში გავაგრძელე მოღვაწეობა იმ მოტივით, რომ მჯეროდა “ნაციონალური მოძრაობის”, მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის და მსურდა, გავმხდარიყავი მათი გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი და პარტიის განვითარებაში შემეტანა ჩემი წვლილი, მჯეროდა, რომ შევძლებდით ჭეშმარიტი ქართული სახელმწიფოს აშენებას.

“ნაციონალურ მოძრაობაში” გაერთიანების შემდგომ, ასევე გავერთიანდი არასამთავრო ორგანიზაცია “თავისუფალ ზონაში”. ჩემდა სამწუხაროდ, 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდგომ, პარტიაში შეიცვალა ვითარება. პარტია მუდმივად იმყოფებოდა ქაოსურ მდგომარეობაში, ვერ ხდებოდა კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება პარტიაში არსებული დაპირისპირების გამო, თათბირები მუდმივად იმართებოდა დაძაბულ რეჟიმში, ხოლო ოფისში ხშირი იყო ძალადობრივი სცენები.

ის დაპირებები, რომ “თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინებთ თქვენს შენიშვნებს და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები” რასაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მუდმივად გვპირდებოდნენ, აღმოჩნდა ტყუილი, ხოლო ჩვენს მიერ გამოთქმული კრიტიკული წინადადებების გამოთქმის შემთხვევაში, გვთვლიდნენ მოღალატეებად.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პარტიის მიერ იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელება, პარტიის ოფისში იმართებოდა თათბირი ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით და იგეგმებოდა პროვოკაციული ქმედებები, რაც ჩემთვის მუღებელი იყო და აღნიშნული საკითხის შესახებ მე რამდენჯერმე ვესაუბრე “თავისუფალი ზონის” ლიდერს კობა ხაბაზს, თუმცა მისი მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ჩემი მოსაზრებები.

ჩემდა სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ აგრძელებს ისეთ ქმედებებს, რამაც პარტია 2012 წელს დამარცხებამდე მიიყვანა, ხოლო ჩემში იმედგაცრუება გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე დავტოვო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და საჯაროდ გადავჭრი პარტიის წევრობის დამადასტურებელ მანდატს”, – აცხადებს შეიკინი.

banner
წინა სტატიაში“როგორც ჩანს, დახურულ სივრცეში 50 გრამი ტროტილი გამოიყენეს, რომელსაც მიმართულება გარეთა მხარეს ჰქონდა”
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის თარიღი შორს არ არის