გორის მცხოვრებლებს, რომლებიც გაზის მომატებულ გადასახადს აპროტესტებენ, საქმის გარკვევამდე ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდებათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, გორის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებმაც სემეკ-ს გაზის მომატებული გადასახადის გამო მიმართეს, საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდებათ.

„შემოსულია 200-ზე მეტი განაცხადი, რომელიც დარეგისტრირებულია და უკვე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. რა თქმა უნდა, კომისია შეისწავლის „სოკარის“ ქმედებას, ხომ არ არის რაიმე დარღვევა ან გადაცდენა იმ წესებთან მიმართებაში, რომელთა შესრულებაც მათი ვალდებულებაა. ასევე, სანამ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება სადაო თანხებზე, რომელსაც მომხმარებლები არ ეთანხმებიან და რომელიც ინდივიდუალური წესით გასაჩივრებული აქვთ კომისიაში, ამ თანხის არგადახდის გამო არ შეუწყდებათ გაზის მიწოდება.

რა თქმა უნდა, ისინი ვალდებულები არიან სხვა, მიმდინარე გადასახადები, ასევე მომდევნო თვეების გადასახადები გადაიხადონ, თუმცა, სადაო თანხების გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდებათ“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას გიორგი ფანგანმა.

მისივე თქმით, სემეკ-ში საჯარო სხდომა ჩაინიშნება მაშინვე, როგორც კი მზად იქნება დოკუმენტაცია.მისივე განმარტებით, განხილვა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეიძლება შედგეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისია გორის მოსახლეობამ „საქორგგაზის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით მიმართა. მოსახლეობა ბუნებრივ აირზე საეჭვოდ გაზრდილი გადასახადის გამო საკითხის გამოძიებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის ინფორმაციით,კომპანიების წარმომადგენლებთან მიღწეული შეთანხმებით, სადისტრიბუციო მანქანები ქალაქში გარკვეულ საათებში იმოძრავებენ
შემდეგი სტატიაგიორგი აბდალაძე – ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია