გია ხუხაშვილი – IRI-ს კვლევას გარკვეულ ნაწილში აქტუალურობა დაკარგული აქვს

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ IRI-ს კვლევას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, გარკვეულ ნაწილში აქტუალურობა დაკარგული აქვს, რადგან, კვლევის ჩატარების შემდეგ ბევრი სისტემური მოვლენა იყო. ხუხაშვილის განმარტებით, ცვლილებები, რომლებიც აღნიშნული კვლევის შედეგებს შეცვლიდა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას და ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურებას მოიცავს.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, სავარაუდოდ ამ კვლევის პოლიტიკურ ნაწილში მხოლოდ ის პუნქტები არ შეიცვლებოდა, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტსა და მათ მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას ეხება.

„საერთოდ გასაკვირია, ასეთი დაგვიანებით რატომ მოხდა აქტუალიზაცია ამ კვლევის, როცა შეიძლებოდა ბევრად უფრო ადრე მისი გამოქვეყნება. შეიძლება ზუსტად იმიტომაც არ გამოქვეყნდა, ველი რომ სრულდებოდა, გახარიას გადადგომა დაემთხვა, ეს რყევები დაიწყო, მაშინ ეტყობა რაღაც დაბნეულობა იყო და ამ პერიოდის შემდეგ გადაწყვიტეს გამოქვეყნება.

ხელისუფლების რეიტინგი, ჩემი აზრით, ამ თვენახევრის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცემოდა, თუნდაც იმიტომ, რომ გახარია წავიდა და უავტორიტეტო პრემიერ-მინისტრმა ჩაანაცვლა, ადამიანმა, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველო ნეგატიურ პოლიტიკურ ციკლშია, რეიტინგებზე უფრო საინტერესო ნეგატიური რეიტინგებია.

„ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება ამ კვლევაში დავინახოთ, არის ნეგტიური არჩევანის ძალიან სახიფათო ნიშნული, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მიმართ, ანუ ჩვენ რადგან ვიმყოფებით ნეგატიურ პოლიტიკურ ციკლში, როდესაც პოზიტიური დღის წესრიგი, ფაქტობრივად, არავის არ აქვს, რეიტინგებზე მნიშვნელოვანი არის ნეგატიური რეიტინგები. ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას და ასეთი ერთი პოლუსის შემთხვევაში არის 27% და მეორე შემთხვევაში 26%, ჩემი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ყველაზე კარგად აჩვენებს იმ პოლიტიკურ ჩიხს, რომელშიც ქვეყანაა შესული დღეს.

პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, უფრო მეტად არის დისტანცირებული ხალხისგან, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ აიგივებენ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან საკუთარ არჩევანს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კლების ხარჯზე მკვეთრად გაიზარდა,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანაშვნასთან დაკავშირებით ხმათა რაოდენობა თანაბრად არის გაყოფილი, ეს მოსახლეობის პოლარიზებას მიუთითებს.

„ეს გვეუბნება იმას, რომ საზოგადოება, სამწუხაროდ, მთლიანად პოლარიზებულია, ორ თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი, იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა- არ დანიშვნის საკითხი იქცა წმინდა წყლის პოლიტიკური გემოვნების საკითხად, უფრო რწმენის საკითხად, ვიდრე რაციონალური პოლიტიკური გადაწყვეტილების თემად და შესაბამისად, საზოგადოების პოლარიზაცია ამ თემაში ჩანს ძალიან კარგად,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიფართის სოციალური ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება, გამქირავებელი ათი ათასი ლარით დაჯარიმდება
შემდეგი სტატიაჭყონდიდის ეპარქიის ბარბარეკარის ნაჯახაოს დედათა მონასტერში მიტროპოლიტი სტეფანე წირვას ატარებს