“გეგეშიძე მოძალადეა… გაგადგეს”- აქცია ჭიდაობის ფედერაციასთან

ფალავანთა კლუბში მიმდინარე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, დაკავებული თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ. ფალავანთა კლუბში მივიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილიც, რომელიც ამის შემდეგ შენობაშ შევიდა და სხდომას შეუერთდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ცნობილი, სავარაუდოდ, მისი დასრულების შემდეგ გახდება.

პრეზიდიუმის დღის წესრიგის მთავარი თემა, ბოლო პერიოდში ჭიდაობის სამყაროში განვითარებული მოვლენები იქნება. კონკრეტულად კი პრეზიდიუმის წევრები 11 იანვარს, სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტს განიხილავენ. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები ტიტულოვანი ვეტერანი მოჭიდავეები არიან.

შეგახსენებთ, 2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, ასევე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.

დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. საბოლოოდ სასამართლომ გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძემ “ქართული ოცნება” დატოვა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ.