გამყრელიძე: გაუარესებულია ყველა მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებულია თითქმის ყველა მაჩვენებელი, რომელიც ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს.

გამყრელიძის თქმით, ეპიდვითარების გაუარესება დაკავშირებულია შეზღუდვების შემსუბუქებასთან, ასევე მოქალაქეები აღარ იცავენ წესებს და არ ატარებენ პირბადეს აღარც დახურულ სივრცეებში.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას. ინციდენტობა 100 ათას მოსახლეზე, ახალი შემთხვევები, მოგეხსენებათ, დღეს1 663 ახალი შემთხვევაა, სამწუხაროდ, ბოლო 7 დღის და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი უკვე აცდა 4-პროცენტიან თამასას. ერთადერთი, ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რომელიც გახლავთ სიკვდილიანობა, ის მოდის ქვემოთ, გარკვეულ დღეებში არის ერთნიშნა ციფრზე, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს 13. რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია იმ შემსუბუქებებთან, რაც განხორციელდა, რაც მთავარია იმ წესების არ დაცვასთან, რა რეგულაციებიც ჯერჯერობით არსებობს.

ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, მოსახლეობას, დავიცვათ ყველა ის წესი, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. რასაც ვაკვირდებით, ნიღბებს უკვე დახურულ სივრცეებშიც აღარ ვატარებთ, ეს დაუშვებელია, ნიღაბი ვაქცინასთან ერთად ყველაზე მძლავრი დაცვის საშუალებაა. აუცილებელია ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში და გარე სივრცეში, სადაც ხუთ ადამიანზე მეტი ვიკრიბებით ერთამანეთთან ახლოს.

მეორე – დისტანციის დაცვა, მესამე – სანიტარიზაცია, მეოთხე – აუცილებელია, თავი ავარიდოთ თავყრილობებს და შეკრებებს. გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე გაჟღერდა ჩვენი წინადადება, რომ ნებისმიერ თავყრილობაზე, სემინარზე, კონფერენციაზე, შეხვედრასა და ასე შემდეგ დაშვებული იქნენ მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანები ან ბოლო 72 საათში ტესტირება გაკეთებული პირები, ვისაც უარყოფითი „პისიარ“ ტესტი ექნებათ.

ჩვენი წინადადებაა, რომ ამან აუცილებლად მიიღოს რეგულაციის ფორმა, რათა ყველა ადამიანს ერთი მხრივ ჰქონდეს მოტივაცია, რომ აცრილი იყოს, მეორესმხრივ, იყოს უსაფრთხო ეს შეკრებები. ასევე, მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივაა შემოდგომისთვის აცრები ყველა სტუდენტის, ყველა პროფესორ-მასწავლებლის, ყველა სკოლის მასწავლებლის, რათა შემოდგომაზე გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო ბაღები, აღმზრდელები იყვნენ აცრილები, უსაფრთხო უნივერსიტეტები.

მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების აცრას, რომ მათ არ მიუტანონ ინფექცია ბავშვებს, რადგან დღეს ბრიტანული შტამის გარდა, საკმაოდ ინტენსიურად ცირკულირებს დელტა შტამი, და გვაქვს გასულ კვირაში უკვე დამატებით 27 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დელტა შტამის სულ 79 შემთხვევაა ლუგარში დადასტურებული, მაგრამ გათვლებით დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება ქვეყანაში საერთო ინფიცირების დაახლოებით 20 პროცენტს. ეს ციფრი გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში ბრიტანულ შტამს უკვე ანაცვლებს დელტა შტამი, ინდური შტამი, რომელიც ხასიათდება მეტი ტროპიზმით ახალგაზრდა ასაკისას და მეტი გადამდებლობით განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი : 5 ივლისის ძალადობრივმა თავდასხმებმა გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციების შეთანხმება
შემდეგი სტატიახაშურის საკრებულოს 7-მა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა „ქართული ოცნება“ და გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა