გამგეობის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომელებმა სასამართლო მოიგეს

საიას ზუგდიდის ოფისი პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში იცავდა, 2016 წლის 19 დეკემბრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლებულ – ვ.კ; მ.ქ; ფ.ბ; ა.ა; თ.ჯ; ე.გ; გ.შ და კ.კ ინტერესებს.
2017 წლის 11 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო ყველა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან განხორციელდა საჯარო მოხელეების სამსახურიდან განთავისუფლება.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 118-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო, აგრეთვე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებაა. შესაბამისად, მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში, პირს გააჩნია უფლებებში აღდგენის გონივრული მოლოდინი, ადმინისტრაციულ ორგანოს კი ეკისრება, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით პირდაპირ დაკისრებული ვალდებულების რეალიზაცია, რომლის შესრულება უზრუნველყოფს როგორც პირის დარღვეულ უფლებებში აღდგენას, ასევე შემდგომი სასამართლო დავების წამოწყების აცილებას.

banner
წინა სტატიაშიპანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი – ველოდებით ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხს