არასრულწლოვნების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი – ველოდებით ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხს

ჩვენ ალტერნატიული ექსპერტიზა გვაქვს დანიშნული და ველოდებით მის პასუხს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა პირველ არხთან ექსკლუზიურ საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარე ალტერნატიულ ექსპერტიზას ატარებს.

ვახტანგ აბესაძის ინფორმაციით, ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. არასრულწლოვანი ამ დრომდე დუმილის უფლებას იტოვებს. რაც შეეხება ბრალის დამძიმების საკითხს, ადვოკატი აცხადებს, რომ სამართლებრივად ამის საფუძველი არ არსებობდა.

„მე ვფიქრობ, რომ ბრალი არ უნდა დაემძიმებინათ. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბრალი თავს ვერ გაიტანს ვერანაირად. ამაში ვარ დარწმუნებული. ჩვენ ალტერნატიული ექსპერტიზა გვაქვს დანიშნული და ველოდებით მის პასუხს, ამას დრო უნდა. იმედია, ამით რეალობა დადგინდება. აღნიშნულ დასკვნას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქმეში ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. პოზიციასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ დუმილის უფლებას ვიყენებთ. ვფიქრობთ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ გადაწყვეტილი არ გვაქვს. მე ერთ რამეს ვიტყვი – გამოძიებამ შრომატევადი სამსახური გაწია. ჩემ ინტერესს არავის დაკავება არ წარმოადგენს, ჩემი მთავარი ამოცანაა დავამტკიცო, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო, ყოველ შემთხვევაში, წარდგენილ ბრალდებაში“, – განაცხადა აბესაძემ.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა.

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუზუსტდა.

banner
წინა სტატიაშიგამგეობის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომელებმა სასამართლო მოიგეს
შემდეგი სტატიააფხაზურმა მხარემ კიდევ ერთი ქართველი გაათავისუფლა