გაბუნია – მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით კონტროლი და აღსრულება ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, ვინ მიიღებს ე.წ. მწვანე პასპორტს და რომელ ობიექტებზე იგეგმება მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება.

მისივე თქმით, საშვის გამოყენების დროს წესების კონტროლი და წესების აღსრულება მნიშვნელოვანია.

„მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება იგეგმება ისეთ დაწესებულებებშიი, რომლებიც მეტად ემსახურება გართობისა და სოციალური აქტივობის მიზნებს და არა ბაზისურ საჭიროებებს. კონტროლი და აღსრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი აზრს კარგავს. ამდენად, შრომის ინსპექტირების სამსახური და ყველა ის ბიზნესი, რომლიც ჩართული იქნება პირველ ეტაპზე ამ პროცესში, პირველ დეკემბრამდე გაივლიან ყველა შესაძლო მექანიზმს, რომ აღსრულება იყოს სათანადო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, აქტიურად ჩაერთოს თავად მწვანე საშვის გამომყენებელი, საუბარი მაქვს ბიზნესობიექტებზე, სადაც მოხდება მწვანე საშვის გამოყენება, რომ არ დაუშვან გადაცდომა და ტენდენციური დამოკიდებულება მომხმარებლებთან მიმართებით. ამდენად, აქ აქცენტია მომხმარებლებსა და უსაფრთო სერვისგარემოს შექმნაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მწვანე პასპორტი აღწერს პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს.

„კოვიდპასპორტი გვექნება ყველას. კოვიდპასპორტში სტატუსი შედგება სამი ძირითადი კომპონენტის გათვალისწინებით: თუ გადატანილი აქვს ადამიანს დაავადება ან აცრილია, ბოლო 72 საათში აქვს ჩატარებული „პისიარ“ ტესტი და პასუხი უარყოფითია, ასევე აქვს ბოლო 42 საათში ჩატარებული ანტიგენტესტი. ამ შემთხვევაში არის არჩევანი, რომლის შესაბამისადაც ფასდება მწვანე სტატუსი, ანუ განისაზღვრება, რომ ადამიანი კონკრეტული მომენტისთვის არის უსაფრთხო“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

წინა სტატიაშიკულუმბეგოვი: შეგვეძლო დღეს გადაგვერჩინა მინიმუმ 72 ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე!
შემდეგი სტატიავაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის