ევროკავშირმა უკრაინის დასავლეთ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების განვითარების პროექტის დაფინანსება შეაჩერა

ევროკავშირმა უკრაინის დასავლეთ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების განვითარების პროექტის დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, პროექტების შეცერება მას ევროკომისიაში დაუდასტურეს. კერძოდ, ევროკავშირის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა განმარტა, რომ შეწყდა პროექტები, რომელთა განსახორციელებლად ევროკავშირს 29,2 მილიონი ევრო უნდა გამოეყო.

„საუბარია ექვს პროექტზე 29,2 მილიონი ევროს ოდენობის ევროპული დაფინანსებით. ამ პროექტების ძირითადი ბენეფიციარი იყო უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახური. პროექტების განხორციელების შეყოვნების, ჩვენი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეფასებების გათვალისწინებით, ჩვენ დავასკვენით, რომ ამ პროექტების დათქმულ ვადებში შესრულება შეუძლებელია. ეს ექვსი პროექტი ამჟამად დახურვის პროცესშია, მათთვის გამოყოფილი და დაუხარჯავი თანხა უნდა იყოს დაბრუნებული“, – განმარტა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი მომავალშიც მზად არის, უკრაინაში რეფორმებს მხარი დაუჭიროს.

„უკრაინსკაია პრავდას“ მონაცემებით, უკრაინამ პროექტისთვის გათვალისწინებული თანხის მესამედი – დაახლოებით 10 მილიონი ევრო მიიღო, საიდანაც კიევმა ორ მილიონ ევრომადე დახარჯა. შესაბამისად, უკრაინას რვა მილიონი დასაბრუნებელი ექნება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამშვები პუნქტების მოდერნიზებას, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვასა და რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა
შემდეგი სტატიანადუღში აღმოჩენილი მინის ნამსხვრევი-რა მოხდა კარფურში