იან კელი: ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა

გადავავლებ რა თვალს აქ გატარებულ სამ წელს, საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ბევრ მნიშვნელოვან ამოსავალ ორიენტირს ვხედავ: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიცირება, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღება და სხვა“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში. მისი თქმით, მან თავად იხილა საქართველოში ჩატარებული სამი არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ღიად და გამჭვირვალედ იქნა მიჩნეული.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალი გზა გაფართოვდა, აუცილებელია საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დასავლეთში და მისი ტრაექტორია გახდეს ჭეშმარიტად შეუცვლელი. ჩვენ მრავალი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

მისი თქმით, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა.

“მათ შორისაა ჩვენი მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში. ვახორციელებთ უწყვეტი დახმარების პროგრამებს და ვცდილობთ მოვიზიდოთ ამერიკული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის განსავითარებლად. გვაქვს გაცვლითი პროგრამები, 5000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში, განსხვავებული თემატიკით – იქნებოდა ეს მეწარმეობა, გარემოს დაცვა, თუ პოლიტიკური ჩართულობა. ბევრ თქვენგანს, ვინც ახლა ამ დარბაზში იმყოფებით, გქონიათ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა იან კელიმ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სხვა პარტნიორები – ევროპის კავშირი და მისი წევრი ქვეყნები, საქართველოსთან მიმართებაში ამავე მიზნებსა და ამოცანებს იზიარებენ.

იან კელი დიპლომატიურ საქმიანობას და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს ასრულებს.

banner
წინა სტატიაშიგზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ
შემდეგი სტატიაევროკავშირმა უკრაინის დასავლეთ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების განვითარების პროექტის დაფინანსება შეაჩერა