ევროკავშირმა სანქციების მე-6 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ეკონომიკურ და ინდივიდუალურ შეზღუდვებს მოიცავს.

ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ასევე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან.

ნავთობი
ევროკავშირმა გადაწყვიტა აეკრძალა ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების შესყიდვა, იმპორტი ან გადატანა რუსეთიდან ევროკავშირში. რუსული ნედლი ნავთობის ბაზრიდან ეტაპობრივად გასვლას 6 თვემდე დასჭირდება, ხოლო 8 თვემდე იქნება საჭირო სხვა რაფინირებული ნავთობპროდუქტებისთვის.

დროებითი გამონაკლისი გათვალისწინებულია მილსადენით ნავთობის იმპორტისთვის ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებში, რომლებიც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სპეციფიკურ დამოკიდებულებას განიცდიან რუსეთის მიწოდებაზე და არ აქვთ სიცოცხლისუნარიანი ალტერნატიული ვარიანტები.

გარდა ამისა, ბულგარეთი და ხორვატია, ასევე, ისარგებლებენ წესის დროებითი შემსუბუქებით ზღვის საშუალებით რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ვაკუუმური გაზის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით.

SWIFT-დან რუსული და ბელარუსული ბანკების გათიშვა
ევროკავშირმა “სვიფტიდან” დამატებით 3 რუსული და ერთი ბელარუსული ფინანსური ინსტიტუტი გათიშა. ესენია – რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank, Credit Bank of Moscow, Russian Agricultural Bank, ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი.

მედია
ევროკავშირში შეჩერდება კიდევ 3 რუსული სახელმწიფო მედიის მაუწყებლობა – Rossiya RTR/RTR Planeta, Rossiya 24 / Russia 24 და TV Center International.

ექსპორტის შეზღუდვა
ევროკავშირმა გააფართოვა ჩამონათვალი, რომლებსაც ეხებათ ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ექსპორტის შეზღუდვა. სია მოიცავს როგორც რუსულ, ისე ბელარუსულ სუბიექტებს.

საკონსულტაციო მომსახურება
ევროკავშირი აკრძალავს ბუღალტრული აღრიცხვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკონსულტაციო და “ღრუბლოვანი სერვისების” მიწოდებას რუსეთისთვის.

ინდივიდები
ევროპულმა საბჭომ სანქციები დაუწესა დამატებით ინდივიდებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბუჩასა და მარიუპოლში რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე. მათ შორის არიან: ომის მხარდამჭერები, ოლიგარქები, კრემლის ოფიციალური პირები, მათი ოჯახის წევრები, ფინანსური ორგანიზაციები.

banner
წინა სტატიაშიშვედეთის ელჩი – რეფორმები, რეფორმები და რეფორმებია გზა ევროპისკენ – მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში
შემდეგი სტატიაანალენა ბერბოკი – პუტინს სიტყვებით ვერ გააჩერებ, იარაღია საჭირო