ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მედიკოსები შეიკრიბნენ. ექიმები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. მათი შეფასებით, თუ სააკაშვილს დაუყოვნებლივ არ გადაიყვანენ სათანადო კლინიკაში, შესაძლოა, მისი შიმშილობა ფატალური შედეგით დასრულდეს.

ექიმებმა წერილი წაიკითხეს, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გადასცემენ.

„დღეს ჩვენ მოვედით ევროკავშირის შენობასთან და ვთხოვთ ევროკავშირს დახმარებას, ისევე, როგორც ვიყავით აშშ-ის საელჩოსთან, ისევე, როგორც გავაგზავნეთ ექიმებმა წერილები ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციებში, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსში და ა.შ. ექიმები პაციენტის უფლებების დაცვას ვითხოვთ. პაციენტი არის ამჟამად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სრულიად დაუცველია. გვინდა,რომ მან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება მოიპოვოს”,-განაცხადა საქართველოს გასტროენტოროლოგთა და ჰემატოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა კიდევ უფრო მეტი საზოგადოებრივი აქტივობა. როგორც მან აღნიშნა, თუ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ მის სიცოცხლეს შესაძლოა, საფრთხე შეექმნას.

ამასთან, როგორც მანანა ჯებაშვილი აცხადებს, გლდანის მე-18 დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი. “არ არის სწორი ინფორმაცია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება მრავალპროფილური და სრულად აღჭურვილია”,- განაცხადა ჯებაშვილმა.

წინა სტატიაშიმხატვარი ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ჩვენ, ასევე „დროას“ ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ესაა სწორი გზა