ესტონეთი ბრიტანეთს რუსეთის შესაკავებლად, ქვეყანაში მეტი სამხედროების გაგზავნას სთხოვს

მას შემდეგ, რაც ესტონეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგებული ჯარების რაოდენობის გაორმაგება ნატოს სთხოვა, არის შესაძლებლობა, რომ რუსეთის საზღვართან ასობით ბრიტანელი ჯარისკაცი გაიგზავნოს. ამის შესახებ The Times იტყობინება.
ამჟამად, ესტონეთში 1 650 ბრიტანელი ჯარისკაცია, რომელთაგან 850, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფედერაციის საზღვართან განლაგდა.

დიდი ბრიტანეთი ნატოს საბრძოლო ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელშიც ასევე საფრანგეთისა და დანიის ჯარებიც შედის. გავრცელებული ინფორმაციით, ბატალიონის არსენალი Challenger 2 საბრძოლო ტანკებს, Warrior-ის ჯავშანტექნიკასა და არტილერიას მოიცავს.

მედიის ცნობით, სამეფო სატანკო პოლკი, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში, ესტონეთში ტური დაასრულა, ქვეყანაში დარჩა. მათი დახმარებით, ტაპას სამხედრო ბაზაზე ნატოს საერთაშორისო ჯარისკაცების საერთო რაოდენობა 2000-მდე გაიზარდა.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მუდმივი მდივნის, კუსტი სალმის განაცხადებით, უკრაინაში შეჭრამ დაადასტურა ფაქტი, რომ პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად აპირებს, დაიბრუნოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში გამოსვლისას, მან პუტინს „ისტორიული მკვლელი“ უწოდა და თქვა, რომ ნატოს ჯარების რაოდენობა ესტონეთში კიდევ უნდა გაიზარდოს.

„რუსეთის განზრახვა ყოველთვის ნათელი იყო. ისინი არასოდეს მალავდნენ, რას გეგმავენ. მათ სამხედრო წვრთნებიც არასოდეს დაუმალავთ. რუსეთი ჩვენ ქვეყანაში შეჭრას ნამდვილად გეგმავს“, – განაცხადა კუსტი სალმმა.

განცხადების დროს, მან ასევე, დააფასა ის ფაქტიც, რომ დიდმა ბრიტანეთმა თავისი ჯარების რაოდენობა ესტონეთში, უკვე გააორმაგა. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, „მეტის გაკეთება, მაინც ყოველთვის შესაძლებელია“.

banner
წინა სტატიაშიევროპას რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლება არ შეუძლია, მომავალში ალბათ შესაძლებელი იქნება – პუტინი
შემდეგი სტატიაომის პარტია აძლიერებს აგრესიულ მესიჯებს ხელისუფლების პრორუსულობაზე და ამას აკეთებს ის ხალხი, რომლებმაც ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს – ნინო წილოსანი