ვენეციის კომისია ისეთ რეკომენდაციას თუ მოგვცემს, რომელიც ევროპულ პრაქტიკას იქნება აცდენილი, მსგავს რეკომენდაციას არ გავიზიარებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ცესკო-სთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გათვალისწინებული რაც არ არის, იმის შესახებ მმართველ გუნდს არგუმენტები აქვს.
„ევროკავშირის ელჩი მართალს ამბობს, რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გაზიარებულია. გაზიარებული არ არის ის ნაწილი, სადაც პარტიულ წარმომადგენელს ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა შეეცვალა მისი თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, რაც ხაზარაძის პარტიის ამოცანა და გეგმა იყო. ჩვენ ეს ბევრი არგუმენტით არ გავიზიარეთ, მათ შორის იმით, რომ ეს არ არის სწორი სამართლებრივ პრინციპზე დაყრდნობით. ასევე იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ ევროპის არცერთ ქვეყანაში მიმსგავსებული პრეცედენტიც კი არ არის. იმ ნაწილზე, რომელიც გაზიარებული არ არის, ჩვენი ახსნა გვაქვს და თან ძალიან ობიექტური. ვენეციის კომისიის არცერთ რეკომენდაციას არ გავიზიარებთ, რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ იქნება პრეცედენტის სახით. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია თუ იქნება ისეთი, რისი ანალოგიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს და ევროპულ პრაქტიკას აცდენილი იქნება, მსგავს რეკომენდაციას თუ მოგვცემენ, ასეთ რეკომენდაციას არ გავიზიარებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მიერ დასახულ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით განაცხადა: „ცხრა ნაბიჯზე მუშაობა გრძელდება, ვხედავთ ვალდებულებას, თავდადებას, საკანონმდებლო ინიციატივებს. ამასთან, რჩება ღია საკითხები, სადაც გვჭირდება დასხდომა და საუბარი“.