ე.წ. აფრიკის დასახლებაში პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ 22 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ათი ათასლარიანი გირაო შეეფარდა

ე.წ. აფრიკის დასახლებაში სამართალდამცველების მიმართ ძალადობის მუხლით დაკავებულ 22 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდებულის ინტერესებს სასამართლოზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

„პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ ყოფილიყო აღმკვეთი ღონისძიება გამოყენებული, თუმცა თუ მოსამართლის ინიციატივით მაინც იქნებოდა გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება, ყოფილიყო მინიმალური, 1 000-ლარიანი გირაო. თუმცა სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება იმ საკითხს, გავასაჩივრებთ თუ არა, ამ ყველაფერზე ბრალდებულთან გავივლი კონსულტაციებს“, – განაცხადა საია-ს ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ.

პროკურორის განცხადებით, საქმეში ჯერჯერობით მხოლოდ მოწმეთა წერილობითი ჩვენებები დევს, თუმცა წინასასამართლო სხდომამდე შეეცდებიან, ვიდეომტკიცებულებების მოპოვებასაც.

„სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. მიიჩნია, რომ საქმეში არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება საპატიმრო გირაოს სახით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ აღიარა ბრალად ჩადენილი ქმედება, აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არის ამ ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვები, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვები, თუმცა ეს არის 48 საათში მოპოვებული მტკიცებულებები. ამ 48 საათში ბრალდების მხარემ რაც შეძლო, ამოწურა, მაგრამ წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 3 თებერვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს ეს პერიოდი ექნება საქმეზე სამუშაოდ და დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

რაც შეეხება ნაწილობრივ აღიარებას, ბრალდებულს არ უსაუბრია დეტალებზე, თუ რა ნაწილში ცნობს თავს დამნაშავედ. გადაწყვიტეს, რომ ამ დეტალებზე შემდგომ სასამართლო სხდომაზე ისაუბრონ“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი – ვინმეს თუ მიაჩნია, რომ არასწორი საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება, პარლამენტში მობრძანდნენ
შემდეგი სტატიავოლსკი – „სამართლიანი არჩევნები“ არ უნდა იყოს დაგმობილი თავის საქმიანობაში, მაგრამ საფუძვლიანია ეჭვი, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფ ადამიანებსა და სუბიექტებს ხელს უწყობდნენ