დეკანოზი თამაზ ლომიძე: სანამ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საკითხი არ გადაწყდება, მანამ არ მოგვარდება ჭყონდიდის ეპარქიაში უმძიმესი პრობლემა

“სანამ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საკითხი არ გადაწყდება საეკლესიო სასამართლოს და საეკლესიო კანონების აბსოლუტურად ყველა ნორმების სრული და პირუთვნელი დაცვით, არა და არ მოგვარდება ჭყონდიდის ეპარქიაში დაწყებული უმძიმესი პრობლემა და გადაედება და დააზიანებს მთელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში
დეკანოზი თამაზ ლომიძე წერს.

მისი თქმით, 2019 წელს როცა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გადააყენეს, აშკარა იყო, რომ ეს ვერ მოაგვარებდა ჭყონდიდის ეპარქიის პრობლემას და კიდევ ბევრ უმძიმეს რამეს გამოიწვევდა.

“ეს მთელი ეკლესიის სირცხვილია. სალხინოში დღეს, ბზობას სამარცხვინო საქმე ჩაიდინეს მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდასაჭერად მისულებმა. მუშტი და გინება არაა ქრისტიანობა. ქრისტეს რჯულის მიხედვით და უბრალოდ, წესიერი კაცის სინდისის ხმითაც, დღეს იმ ადგილას წირვა უნდა გაჩერებულიყო, აღარ უნდა ჩატარებულიყო მსხვერპლის შეწირვა თუ ადამიანების ასეთი სიძულვილი იყო იქ მყოფ მრევლში. სასულიერო პირს მუშტი დაარტყეს სახეში, ჟურნალისტებს ხელი ჰკრეს და თხრილში გადაყარეს ცოცხალი ადამინები, აგინებდნენ ბოლო, უბინძურესი სიტყვებით. ესაა ქრისტიანობა? ამის ჩამდენები შემდეგ შედიხართ ტაძარში და საკურთხევლის წინ წირვას ესწრებით? არ შეიწირავს უფალი თქვენს არცერთ სიტყვას. არის სახარებაში ქრისტეს ერთ-ერთი მთავარი მცნება: – “თუ მსხვერპლის შესაწირად მიდიხარ და საკურთხეველთან გაგახსენდება, რომ შენი ძმა ნაწყენია შენზე, დატოვე შესაწირავი საკურთხეველის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა და შემდეგ შესწირე შესაწირავი.” (მთ. 5, 23-24) არ შეიწირავს უფალი შენს არც ლოცვას და არც არავითარ მსხვერპლს, სანამ გარეთ მდგარი შენი ძმები დაჩაგრულები, ნაწყენები, ნაცემები და დავიწყებულნი არიან შენს მიერ.

2019 წელს როცა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გადააყენეს, აშკარა იყო, რომ ეს ვერ მოაგვარებდა ჭყონდიდის ეპარქიის პრობლემას და კიდევ ბევრ უმძიმეს რამეს გამოიწვევდა. მას შემდეგ წარმოუდგენელი, უმძიმესი და არნახული ბრალდებები გვესმა და ვნახეთ. დღესაც ასეა: სანამ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საკითხი არ გადაწყდება საეკლესიო სასამართლოს და საეკლესიო კანონების აბსოლუტურად ყველა ნორმების სრული და პირუთვნელი დაცვით, არა და არ მოგვარდება ჭყონდიდის ეპარქიაში დაწყებული უმძიმესი პრობლემა და გადაედება და დააზიანებს მთელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. იფიქრეთ ხალხზე, ფიქრეთ მორწმუნე მრევლზე, იფიქრეთ სასულიერო პირებზეც, იფიქრეთ მათზე ვისგანაც შედგება და ვისთვისაცაა ეს ეკლესია. იმედია ჩვენი ეკლესიის მმართველ ორგანოში კარგად ესმით ამ საკითხის სერიოზულობა.”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: დანიელსონმა მითხრა, იცოდე, ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხრიდანო
შემდეგი სტატიასამადაშვილი: სააკაშვილს საქართველოში ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ მათი რიცხვი არ იზრდება