დედა სიდონიაც არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არც ერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს

დედა სიდონიაც (ყაჭიაშვილი) არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არც ერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ა.წ. 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, დაჯილდოებულთა შორის დაასახელა დედა სიდონიაც (ყაჭიაშვილი), რომელსაც ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და შეცდომით საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია, თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია; ახლა კი როდესაც იგი მონაზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ.

დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტიურად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არც ერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა შორის იყო დედა სიდონია.

banner
წინა სტატიაშიარჩილ მესტვირიშვილი – ჭარბვალიანობის მსგავსი პრობლემები მომავალში აღარ იქნება
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა