დავით ზალკალიანი შეხვდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

2020 წლის 3 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს.

შეხვედრისას მისიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს, საორგანიზაციო საკითხებში გაწეული ქმედითი და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. ჯილიან სტირკმა კიდევ ერთხელ შეაფასა საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები, როგორც კონკურენტუნარიანი და თავისუფალი, რომელზეც დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები და მიმოიხილა არჩევნების დაკვირვებისას გამოვლენილი პოზიტიური ასპექტები.

აღნიშნა, რომ არჩევნები გაიმართა არსებითად განახლებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რამაც მყარი საფუძველი შექმნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართველმა ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათი მხრიდან დემოკრატიული პროცესებისადმი ერთგულებას. საუბარი შეეხო ასევე სადამკვირვებლო მისიების წინასწარ ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს და დაფიქსირებულ ხარვეზებს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ არსებული საკითხების გამოსწორების მიზნით.

შეხვედრისას ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და მთლიანად მისიას, საარჩევნო პროცესის, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდის საფუძვლიანი და ხანგრძლივი დაკვირვებისთვის და წინასწარი დასკვნების მომზადებისთვის. აღინიშნა, რომ ეპიდემიით გამოწვეული რისკების პირობებში, განსაკუთრებით დასაფასებელია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ასევე სხვა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებისა და საქართველოში არსებული დიპლომატიური მისიების მიერ არჩევნების დაკვირვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს არჩევნებში ჩართული ყველა მხარისთვის თანასწორი და სამართლიანი გარემოს შექმნისა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩასატარებლად. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ მნიშვნელოვან ძალისხმევებზე, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველსაყოფად.
საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის დასასრულს, კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი შეფასებითი საქმიანობისადმი და ხაზი გაუსვა მისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მზაობას.​

banner
წინა სტატიაშიირაკლი კუპრაძე: ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი!
შემდეგი სტატიაპოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“ : გამოვდივართ ორი ინიციატივით