ჩვენ შევდივართ ომის ახალ, ხანგრძლივ ფაზაში – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ომი ახალ ფაზაში შედის. მან მიმოიხილა 24 თებერვლიდან დღემდე, აგრესორის ქმედებები ის გეგმები, რომელიც რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ და შემდეგ განახორციელა და ისინიც, რაც ვერ განახორციელა. რეზნიკოვის თქმით, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ 9 მაისი ერთგვარი რუბიკონი იქნებოდა, რომლის შემდეგაც მოხდებოდა რაღაც “განსაკუთრებული”:

“… 9 მაისისთვის რუსეთმა განიცადა სტრატეგიული მარცხი – მან ვერ გაანადგურა უკრაინის სახელმწიფო სამხედრო ინტერვენციისა და რუსეთის მარიონეტების ძალაუფლების შეცვლის გზით. ჩვენ ვაიძულეთ ის, მიზნების მასშტაბი შეემცირებინა ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე.
ამ ფონზე ჩვენ შევდივართ ომის ახალ – ხანგრძლივ – ფაზაში. მის მოსაგებად, ყურადღებით უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, რომ მტერმა, საბოლოოდ ვერ გაუძლოს…” წერს რეზნიკოვი.

თავდაცვის მინისტრი მიმოიხილავს 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას მსოფლიოს მხრიდან და წერს:

“ყოველ დღე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან პირისპირ საუბრისას, სისტემატიურად მიწევდა მათთვის ახსნა, რომ უკრაინას სჭირდება მძიმე შეიარაღება – ავიაცია, არტილერია, ტანკები და ჯავშანტექნიკა და ა.შ. – დასავლური ნიმუშები და კალიბრები, რომლებსაც ნატოს ქვეყნები იყენებენ.
მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ უკრაინა იცავს მთელ ევროპას, ჩვენი თავდაცვის გაძლიერება კი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. შესაბამისად, უკრაინის თავდაცვის ძალებთან ალიანსის თავსებადობის უზრუნველყოფა, საერთო ინტერესებშია.

საბოლოოდ, ტექტონიკური ცვლა მოხდა. ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ თავდაცვის სფეროში ინტეგრაციის ის გზა გაიარა, რომელიც 30 წელია ვერ გადალახა [იქამდე]. ჩვენ უკვე ვიღებთ მძიმე შეიარაღებას პარტნიორებისგან. კერძოდ, ფრონტზე უკვე მუშაობს ამერიკული M777 კალიბრის 155 მილიმეტრიანი ჰაუიბიცები. სამი თვის წინ ეს შეუძლებლად ითვლებოდა.” წერს რეზნიკოვი.

მან მადლობა გადაუხადა ამ მხარდაჭერისთვის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს, სხვა ევროპელ პარტნიორებს, ასევე აშშ-სა და პირადად თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს “ლენდ ლიზის” კანონისთვის. რეზნიკოვი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს.

“…ამგვარად, საერთაშორისო დონეზე სტრატეგიულ მარცხს დაემატა რუსეთის ფედერაციის ბრძოლის ველზე დამარცხება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ცივილიზებული სამყარო ეკონომიკურ სანქციებს აძლიერებს, ფინეთი და შვედეთი კი ნატოში განაცხადის შესატანად ემზადებიან, კრემლისთვის საერთაშორისო კონტექსტი სისტემურად უარესდება. მსოფლიომ მიიღო შანსი დაამარცხოს დიქტატურა, რომელიც ქმნის გლობალურ საფრთხეს.ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა უკრაინელი ხალხის სიმამაცის, თავდადებისა და დიდი მსხვერპლის წყალობით.” წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

რეზნიკოვი წერს, რომ ჯერ კიდევ რთული კვირები ელოდება უკრაინას წინ და დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რამდენი. ამ დროის განმავლობაში აგრესორისგან ძირითადად თავს დაიცავენ, მიმდინარეობს ჯარისკაცების წვრთნა პარტნიორების გაგზავნილი შეიარაღების ასათვისებლად:

1500-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი უკვე იწვრთნება ან უახლოეს დღეებში დაიწყებს ჩვენი პარტნიორების აღჭურვილობის ათვისებას, შემდეგ კი ინსტრუქტორებად დაბრუნდებიან. ზოგი მაშინვე წავა ბრძოლაში.” წერს რეზნკოვი.

წინა სტატიაშიგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს
შემდეგი სტატიაპრემიერმა გრიგოლეთში ორაგულის მეურნეობა დაათვალიერა