გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კანონმდებლებსა და აპარატის წევრებთან ერთად, თბილისის მერიის და საკრებულოს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტის პრეზენტაციის პარალელურად, კანონპროექტის მიზნებზე, ძირითად პრინციპებსა და მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანონპროექტის მიზანი, შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნაა.

კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტი შეხვედრებს გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარესთან, რის შემდეგაც მოხდება კანონპროექტის ინიცირება.

„აქტიური განხილვა დავიწყეთ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის, რომლის თანაავტორი კომიტეტთან ერთად არის თბილისის მერია. ეს არის კანონპროექტი, რომელიც კომპლექსურად და სისტემურად დაარეგულირებს შინაური ბინადარი ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მართვის საკითხებს. კანონპროექტში ძალიან ბევრი სიახლეა, მათ შორის, მეპატრონეების და ასევე მუნიციპალიტეტების ვალდებულებები. ახლა ვიწყებთ პროცესს, სადაც, სამოქალაქო სექტორის ჩართულობას გავააქტიურებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის დამუშავების პროცესში ჩართულია როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიციური მხარე“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ყოფილი სამი პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, ხელისუფლებას დაეხმარონ „აზოვსტალში“ მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირების გადარჩენაში
შემდეგი სტატიაჩვენ შევდივართ ომის ახალ, ხანგრძლივ ფაზაში – რეზნიკოვი