„ჩვენ პასუხს ვაგებინებთ ტერორისტებს“

აშშ იმუშავებს მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, რათა თავდასხმების ჩამდენნი მართლმსაჯულების წინაშე წარდსგნენ.

ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას საჯარო განცხადებაში, რომელსაც იგი საფრანგეთში ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ყველა სახელმწიფო შენობაზე გლოვის ნიშნად დროშები დაეშვება.

“ამერიკელი ხალხი ფრანგი ხალხის გვერდით დგას. პარასკევის ტერორისტული თავდასხმები მხოლოდ პარიზზე თავდასხმები არ ყოფილა. ეს იყო მთელ კაცობრიობასა და იმ საერთო უნივერსალურ ღირებულებებზე თავდასხმები, რომელთა შორისაა თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. ეს ღირებულებები გაუძლებს ნებისმიერ ტერორისტსა და მის სიძულვილით აღსავსე ხედვას. შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები არ დანებდებიან შიშს; მათ ვერავინ დაყოფს; მათ ვერავინ შეაცვლევინებს ცხოვრების წესს. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, ვიმუშავებთ მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და ხალხთან, რათა თავდასხმების ჩამდენნი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ ტერორისტებს, რომელიც ჩვენ ხალხებს ემუქრებიან.

2015 წლის 13 ნოემბერს, პარიზში ჩადენილი უაზრო ძალადობრივი აქტების მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად, ჩემი, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტისათვის კონსტიტუციითა და ამერიკის შეერთებული შტატების კანონებით მონიჭებული უფლებით, ვბრძანებ, დაუშვან შეერთებული შტატების დროშა თეთრ სახლზე, საჯარო შენობებსა და საჯარო ადგილებში, სამხედრო და საზღვაო ძალების ყველა სადგურზე, კოლუმბიის ოლქსა და მთელ შეერთებულ შტატებში, მის ტერიტორიებსა და მიწებზე 2015 წლის 19 ნოემბერს, მზის ჩასვლამდე. აგრეთვე ვბრძანებ, იმავე დღეს დროშები სანახევროდ დაუშვან შეერთებული შტატების ყველა საელჩოში, წარმომადგენლობაში, საკონსულო განყოფილებასა და უცხოეთში განთავსებულ სხვა დაწესებულებებში, მათ შორის, სამხედრო ბაზებზე, საზღვაო ხომალდებსა და სადგურებში”, – ნათქვამია ბარაკ ობამას განცხადებაში.

13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 132 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი დაუმძიმდათ
შემდეგი სტატია“ISIS-ს ყურადღების ცენტრში არის დიდი ქვეყნები, რომლებიც ქმნიან დემოკრატიულ ღირებულებებს”