ბიბისი: საქართველოს პრემიერი მოულოდნელად გადადგა

სოსო ჯაჭვლიანი BBC-ზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოულოდნელ გადაწყვეტილებას, თანამდებოდან წასვლის შესახებ ვრცელი სტატია მიუძღვნა ბი-ბი-სი-მ. ,,თაიმერი” სტატიის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხუთშაბათს ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მოულოდნელად გადადგა. ირაკლი ღარიბაშვილს არ განუმარტავს გადაწყვეტილების მიზეზი, მაგრამ თქვა, რომ დარჩება “საკუთარი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად”.
საქართველოს ოპოზიციამ გადაწყვეტილება კოალიციის რეიტინგის დაცემას დაუკავშირა წინასაპარლამენტო არჩევნეთან დაკავშირებით, რომელიც მომავალი წლის ოქტომბერში გაიმართება.
“მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის პოსტი დავტოვო. ახლა, როცა ქვეყნის განვითარების შიდა და საგარეო მიმართულებები გამტკიცებულია, მე მომავალ პრემიერ-მინისტრს წარმატებები მინდა ვუსურვო” – განაცხადა ღარიბაშვილმა სპეციალურ მიმართვაში.

ღარიბაშვილმა, რომელიც თანამდებობაზე 2013 წლიდან არის, განაცხადა, რომ მისი პრემიერობის დროს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდა. 2013 წელს მან პრემიერის პოსტზე თანაგუნდელი მილიარდელი-პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.
ღარიბაშვილმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.

“კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ნახა, რომ მათი პოპულარობის რეიტინგი დაეცა, ასე, რომ წინასაარჩევნო კაპმანიის იმავე პრემიერით დაწყება რთული საქმე იქნებოდა” – აცხადებს “როიტერთან” საუბარში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მამუკა კაციტაძე.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ღარიბაშვილს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომით მთავრობის სხვა წევრებს უწყდებათ უფლებამოსილება.
პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარადგენს პრემიერის კანდიდატურას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უნდა იყოს, რომლის შემდეგაც პრემიერობის კანდიდატი მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს პარლამენტს.
ღარიბაშვილი ახალი პრემიერის დანიშვნამდე მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელია.
33 წლის ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა. მანამდე, თითქმის ერთი წლის მანძილზე ის საქართველოს შს მინისტრი იყო.

ის საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი საფრანგეთში, სორბონას უნივერსიტეტში.
პოლიტიკაში მოსვლამდე ღარიბაშვილი ისეთ კომპანიებში მუშაობდა, რომელიც ივანიშვილთან იყო კავშირში – ის ხელმძღვანელობდა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”, ასევე ბანკ “ქართუში” იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ივანიშვილი არა ერთხელ დაადანაშაულეს არაფორმალურ და ერთპიროვნულ მართვაში, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ღარიბაშვილი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა და რომ ის მხოლოდ ბრძანებებს ასრულებს. მათი თქმით, ივანიშვილის ღარიბაშვილით შეცვლას ბევრი არაფერი შეუცვლია სინამდვილეში.
“ერთდერთი და აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანა ამ გზას ავაცილოთ, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიყავს და რეალურად გამოვიყვანოთ ის კრიზისიდან, ბიძინა ივანიშვილის მთავრობიდან მოშორებაა, ამ ყველაფრისთვის კი დემოკრატიული პროცედურა არჩევნებია” – განუცხადა ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა ბოკერიამ.
სულ სხვა აზრი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.

“ჩვენს შემთხვევაში “ქართული ოცნების” პირველმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მოსვლიდან ერთ წელიწადში დატოვა თანამდებობა და ადგილი საკუთარ გუნდს დაუთმო,მთავრობის სხვა წევრებს. ირაკლი ღარიბაშვილმაც იგივე გააკეთა” – თვლის უსუფაშვილი.
გადაწყვეტილება ახალი კანდიდატურის შესახებ სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის იქნება მიღებული.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ჩავარდა
შემდეგი სტატია“გუშინდელი დღე იყო არა დემოკრატიის გამარჯვება, არამედ დამარცხება”