“გუშინდელი დღე იყო არა დემოკრატიის გამარჯვება, არამედ დამარცხება”

„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივნის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით, 23 დეკემბერი საქართველოში დემოკრატიის დამარცხების დღე იყო.

როგორც ნაჭყებიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ღარიბაშვილის მიერ პრემიერ- მინისტრის პოსტის დატოვება, მისი პირადი გადაწყვეტილება არ იყო.

მისი თქმით, პრემიერის გადადგომა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს და იმ ნეგატიურ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელიც ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილთან ასოცირდება.

„ეს არ არის, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილს გადაწყვეტილება. აქ არის რამდენიმე მიზეზი, პირველ რიგში, ის რომ 2016 წელი საარჩევნო წელია და საარჩევნო წელს ხელისუფლებას ერთადერთი ის დარჩენია, რომ გაანაახლოს მთავრობა, ახალი მოლოდინები გააჩინოს საზოგადოებაში. ასევე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილს მოუწია პასუხისმგებლობის აღება იმ ძალიან ბევრ ნეგატიურ ნაბიჯზე, რომელიც მან გადადგა, რაც გარკვეული კლანების ჩამოყალიბებას უკავშირდება. იყოს მცდელობა, რომ ეს კლანები ჩამოეშორებინათ, მაგრამ როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ვერ მოახერხა თავის თავში ეპოვა ძალა და ასეთი ნეპოტიზმი არ დაემკვიდრებინა ქვეყანაში. გუშინდელი დღე იყო არა დემოკრატიის გამარჯვება, არამედ დემოკრატიის დამარცხება საქართველოში“, – აღნიშნა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის მოულოდნელი გადადგომით, საბოლოოდ დაესვა წერტილი დავას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი არ იღებს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 23 დეკემბერს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიბიბისი: საქართველოს პრემიერი მოულოდნელად გადადგა
შემდეგი სტატია“ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირებულია, 15 წლის შემდეგ ვიქნებით ძალიან შორს განვითარებული სამყაროსგან”