“ბათუმელების” ინფორმაციით, მოქალაქე ირაკლი ქაჯაიას პოლიციის შენობაში ნეკნი ჩაუმტვრიეს

13874837_1765382390413427_1261975672_nბათუმელების ინფორმაციით, მოქალაქე ირაკლი ქაჯაიას პოლიციის შენობაში ნეკნი ჩაუმტვრიეს. 23 წლის ირაკლი ქაჯაია 26 ივლისს, ბათუმის ბულვარში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. დაკავების ოქმში წერია, რომ ვიზუალური დათვალიერებით ქაჯაიას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა. თუმცა, იმავე ღამეს, ირაკლი ქაჯაია პოლიციის შენობიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს დასკვნით, დაკავებულს ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნი და გახეთქილი ჰქონდა წარბი.

„აღენიშნება მე-8 ნეკნის მოტეხილობა. მოყვანილია პოლიციის თანხლებით, უჩივის ტკივილს მარჯვენა გვერდში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს. პაციენტის გადმოცემით, ის სცემეს…” – წერია ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ ჯანმრთელობის ცნობაში, რომელსაც ინტერნეტგამოცემა ბათუმელები ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოში გადაყვანამდე პოლიციელებმა ოქმში ჩაწერეს, რომ ირაკლი ქაჯაიამ პოლიციის შენობაში იატაკს დაარტყა თავი და მიიღო დაზიანება წარბის არეში. ოქმში არაფერია წერია ჩამტვრეული ნეკნის შესახებ. თავად დაკავებული პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კლინიკიდან გამოწერილი ქაჯაია დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მას 31 ივლისს 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის პაატა დიასამიძის თქმით, მან თავად ნახა ფეხსაცმლის კვალი ირაკლი ქაჯაიას პერანგის იმ ნაწილზე, სადაც მას ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული.

„ვნახე, მაგრამ ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს, რა ხარისხის დაზიანებები აქვს მას მიყენებული და რა საგნის ზემოქმედების შედეგად” – ამბობს იურისტი.

banner
წინა სტატიაშიმედიამ პოროშენკოს ხელფასი დაასახელა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: გიორგი პაპუაშვილის განცხადება არ დადასტურდა