აუცილებელია რუსეთმა უკრაინის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს – იელენი

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ომის შედეგად განადგურებული უკრაინის აღდგენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

“უკრაინის აღდგენის ხარჯები უზარმაზარი იქნება. და, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთმა – ამა თუ იმ გზით, უნდა მიიღოს მონაწილეობა უკრაინის განსაახლებლად რესურსების მიწოდებაში”. – თქვა იელენმა.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის 640 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი გაყინეს. სახაზინო მდივანს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, აპირებდა თუ არა გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას.

იელენის განმარტებით, რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამოსართმევად შეიძლება საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესის თანხმობა გახდეს საჭირო. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯს აშშ მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე ვერ გადადგამს.

“ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და სანამ მას გადავდგამთ, აუცილებელია, შედეგებზე ვიფიქროთ”. – თქვა იელენმა.

იელენმა თქვა, რომ აშშ მზად არის უზრუნველყოს კიევი დამატებითი 500 მილიონი დოლარის ეკონომიკური დახმარებით, გარდა 500 მილიონი დოლარისა, რომელსაც გასულ თვეს უკვე დაჰპირდა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი.

banner
წინა სტატიაშიქართველები უკრაინას მხარს უჭერენ, მათი მთავრობა კი ყოყმანობს – The Economist-ის სტატია
შემდეგი სტატიაპენიტენციური ცრუობს. ხელისუფლება მიზანმიმართულად უსპობს ჯანმრთელობას მიხეილ სააკაშვილს – ადვოკატი