ახალგაზრდა მამაკაცის საქმე, რომელმაც დღეს თავის დაწვა სცადა – პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს

33 წლის ლევან ჯიქურის საქმეზე, რომელმაც დღეს თავის დაწვა სცადა, მთავარი პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ლევან ჯიქურს გამოძიება ქურდობის მუხლით ედავება, ბრალდებული კი დანაშაულს აღიარებს.

მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ლევან ჯიქურის მიერ დღეს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ, მას განემარტა, რომ გადაწყვეტილებას მოგვიანებით აცნობებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ჯიქური მრავალჯერ არის ნასამართლევი.

“საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორმა, მოწმისა და დაზარალებულის უფროს კოორდინატორთან ერთად, ბრალდებულ ლევან ჯიქურს განუცხადა, რომ პროკურატურა დამატებით შეისწავლის სისხლის სამართლის საქმეს და დღეს მოწოდებულ ინფორმაციას, მიღებული გადაწყვეტილება კი მას გონივრულ ვადაში ეცნობება.

წარსულში ქურდობისთვის, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, ყაჩაღობისთვის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის გასამართლებული ლევან ჯიქური ქურდობის ბრალდებით 2018 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ახალი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით. ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო 3000 ლარის ოდენობით.

დღევანდელ შეხვედრაზე ლევან ჯიქურმა განაცხადა, რომ მძიმე ოჯახური მდგომარეობის და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შეღავათიანი პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს.

ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა ამჟამად მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ლევან ჯიქურმა დღეს პროკურატურის წინ თავის დაწვა სცადა. ის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტას ითხოვს. ლევან ჯიქური აღიარებს რომ მან ერთ-ერთი კლინიკიდან ტელევიზორი მოიპარა თუმცა მეორე დღეს უკან დააბრუნა. ბრალდებული აცხადებს, რომ ვინაიდან მან გამოძიებასთან ითანამშრომლა მის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდეს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაიურიდიულ საკითხთა კომიტეტი 11 აპრილს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტს განიხილავს