პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, სადაც „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტზე მსჯელობენ, კამათის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომას „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილო ესწრება.

„დაცულ ტერიტორიებზე არ არის ენერგეტიკული პროექტების ადგილი“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა, რომელმაც მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გააპროტესტა და საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის რუკა წარადგინა.

ჩხარტიშვილმა დეპუტატებს შეახსენა, რომ 2012 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდა, სადაც დიდი ჰესების მშენებლობის შეჩერებაზე იყო საუბარი.

„რაც შეეხება იმას, რომ კანონპროექტში რაღაცას დააზუსტებთ, რაღაცას ჩაასწორებთ, სიტყვაზე ნდობის საფუძველი სამწუხაროდ არ გვაქვს ნამდვილად. მით უმეტეს, თქვენი და „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რომელიც საკუთარ მოსახლეობას 2012 წელს, როცა ერთად ვიყავით და როცა ბევრი რამის ავტორი ვიყავი გარემოს დაცვით ნაწილში, ჰპირდებოდა სხვას და დღეს აკეთებს სხვას. კერძოდ, „ქართული ოცნების“ დაპირება იყო, რომ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა აიკრძალებოდა, ხოლო მცირეს შემთხვევაში, მოსახლეობის თანხმობა იქნებოდა სავალდებულო. ამის ნაცვლად მივიღეთ დღეს საქართველო, რომელსაც ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი უყურებენ როგორც დიდ აუზს, სადაც ჰესების ადგილია და ჩვენი არა“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ სხდომაზე განაცხადა, წარდგენილი კანონპროექტი მეტ კონკრეტიკას საჭიროებს. „არ ვიზიარებთ იმას, რომ შემოთავაზებულია დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, გაბუნიამ ჩხარტიშვილი პოპულისტურ განცხადებებში დაადანაშაულა.

„ერთი თვის წინაც იგივე პოზიცია მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ პოზიციას არ ვცვლი. თუ შეიცვლება კანონში რამე, შეიცვლება ლოგიკის და იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რომელიც არის ჩვენს, როგორც საქართველოს ხელისუფლების წინაშე. თქვენი მხრიდან ასეთი განცხადებები, მათ შორის ხმამაღალი განცხადებები, ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება და სხვა, მოწმობს იმას, რომ არ გაინტერესებთ საკითხის შინაარსიანი განხილვა და მოსული ხართ მხოლოდ პოპულისტური განცხადებების გასაკეთებლად, რაც აზიანებს პროცესს. გირჩევდით, პროცესი წარვმართოთ შინაარსობრივად, დისკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს. არ მოგცემთ აქ პოპულისტური განცხადებების უფლებას“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში“პრემიერო შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწნევით იქნება გამოძიებული”?
შემდეგი სტატიაახალგაზრდა მამაკაცის საქმე, რომელმაც დღეს თავის დაწვა სცადა – პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს