აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს

აჭარის მთავრობაში ცვლილების შესახებ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა ზურაბ პატარაძის გადადგომა სუბიექტური აქტი იყო, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ პატარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

გაბაიძე აჭარის მთავრობის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ ის გუნდის წევრად რჩება.

„ის იყო აქტიური, ენერგიული, განსაკუთრებით აჭარის მთიანეთთან მიმართებაში. ბევრი პროექტი დაუკავშირდება ზურაბ პატარაძის სახელს. ის რჩება გუნდის წევრად“, – განაცხადა გაბაიძემ.

მან პატარაძის მომავალ საქმიანობაზე საუბრისგან თავი შეიკავა. ასევე, აღნიშნა, რომ მთავრობის თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი პრეზიდენტმა პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს.

„ახალი კანდიდატი პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს. როგორც იურისტი, თავს ვერ მივცემ უფლებას, წინასწარ ვისაუბრო. თუმცა ვინ შეიძლება დაიკავოს ეს თანამდებობა, ამაზე გუნდის შიგნით კონსულტაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს თანამდებობა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის შეფერხებაზე ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატია92 წლის ამერიკელმა შვილი მოკლა – მოხუცებულს თავშესაფარში ცხოვრება არ სურდა