განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის შეფერხებაზე ინფორმაციას უარყოფს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

 

განათლების და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალ სასწავლო წელს, 1-მე-6 კლასების მოსწავლეები ახალი, გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან და ამ მიმართულებით შეფერხება არ არსებობს.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ეტაპზე, გრიფირების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, გამოცხადებულია ბეჭდვის ტენდერი და ამოცანა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის 1-6 კლასის მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები ჰქონდეთ, კვლავ ძალაშია.

რაც შეეხება „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ მე-5 და მე-6 კლასების სახელმძღვანელოებს, ერთ-ერთი გამომცემლის მიერ დაფიქსირებული საპრეტენზიო განაცხადიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ სახელმძღვანელოს განხილვის პროცესი შეჩერებულია ექსპერტიზის დასრულებამდე. შესაბამისად, სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან 1-6 კლასის მოსწავლეები გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან,“ – ნათქვამია განცხადებაში.

1-მე-6 კლასების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, შედეგები 31 მაისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა 15 ივნისისთვის გადაიდო და ამ დრომდე არ გამოცხადებულა. გრიფირების შედეგად, ახალი სასწავლო წლიდან, აღნიშნულ კლასებში, ყველა საგანში სახელმძღვანელოები შინაარსობრივად სრულად უნდა განახლდეს. ასევე, იგეგმება ცვლილებები სახელმძღვანელოთა ტექნიკურ მახასიათებლებში – ისინი უსაფრთხო მასალით უნდა დამზადდეს და წონა შემსუბუქდეს.

banner
წინა სტატიაშიშსს თბილისში გოგონას გაუპატიურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს