ჯორჯ ბუშის ინსიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი “მთავართან” აცხადებს, რომ მისი რეკომენდაციაა, აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა დაუწესონ სანქციები “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ყველა იმ დეპუტატს, ვინც მხარს უჭერს რუსულ კანონს.
მისი თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს მათაც, ვინც “სასტიკი ძალა გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ”, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებენ.
“მე ვფიქრობ, ჩვენ არანაირ მოწვევებს არ უნდა ვუგზავნიდეთ საქართველოს მთავრობის წევრებს, რადგან მათ უკვე გამოთქვეს საკუთარი აზრი, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და ფაქტობრივად დასავლეთი ჯანდაბაში გაუშვეს. იგივე უთხრეს საკუთარ ხალხს. ამიტომ, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ აშშ-მა და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ასევე პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ასევე ყველა იმ დეპუტატს პარლამენტში, ვინც მხარს უჭერს უცხოელი აგენტების კანონს. ასევე, უნდა დაუწესდეს სანქციები მათ, ვინც სასტიკი ძალა გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ახლა დროა, რომ დასავლეთმა არაორაზროვანი პოზიცია დაიკავოს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და ამისთვის შედეგები უნდა დადგეს. ახლა ჩვენ უნდა დავასანქცრიოთ ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები, რათა მისი შვილები ვეღარ ჩამოვიდნენ შეერთებულ შტატებში. შემდეგ ვნახავთ, როგორ მოეწონება მას ეს. მე არ მსმენია ისეთი ადამიანის შესახებ, რომელსაც სანქცირება მოსწონდეს. აშშ-ის მიერ დასანქცირება სულ სხვა რამაა. მე ვიცი, რომ “ქართული ოცნების” წევრებს მოსწონთ ამერიკაში ჩამოსვლა, აქ ბავშვების გამოგზავნა, ამიტომ მათთვის ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა მშვენიერი დასაწყისი იქნებოდა, შემდეგ კი მიზანში მათი ფული უნდა ამოვიღოთ,” – აცხადებს კრამერი.