,,54 წლის ასაკში მას გულმა უმტყუნა”- გიგი უგულავას წერილი ციხიდან

თბილისის ყოფილი მერი სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოსტში ნათქვამია, რომ მატროსოვის ციხის მთავარი ექიმი ირაკლი მურჯიკნელი მოულოდნელად გარდაიცვალა. უგულავას პოსტს ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

,,კვირას 26 ივლისს, აქ ჩვენს სამყოფელში, მატროსოვზე, უეცრად ჩვენი მთავარი ექიმი ირაკლი მურჯიკნელი გარდაიცვალა. 54 წლის ასაკში მას გულმა უმტყუნა. ისევე როგორც მისი თაობის თითქმის ყველა ექიმი, ირაკლი უზომოდ იყო შეყვარებული თავის საქმეზე, მაგრამ არასდროს უფრთხილდებოდა თავის ჯანმრთელობას. მან 22 წელი იმუშავა საქართველოს ციხეში ექიმად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა თაობის და ხელიუფლების პოლიტიკის პატიმრებს შეესწრო. თქვენც გაგისტუმრებთ და მეც წავალ-ხშირად ამბობდა.
უცნაური თვისება ჰქონდა. მთელი საღამო იჯდა და საუბრის პარალელურად ახალი წამლების რეცეპტებს იწერდა ბლოკნოტში. როგორც მოსკოვის სკოლა გამოვლილი ამას რუსულად, საოცარი კალეგრაფიით აკეთებდა. დღე არ გავიდოდა, რომ ამ უცნაური საქმიანობის გამო არ გამეხუმრა. ასე უკეთ ვიმახსოვრებო-მშვიდად მპასუობდა.
ციხეს ჩვეულებრივ ცხოვრებასთან შედარებით, ერთი უპირატესობა აქვს. ზუსტად იცი რა იქნება ხვალ, ზეგ. რომელ საათზე და წუთზე რას იზამ, რას იფიქრებ. ეს ციხის ერთგვარი სიმყუდროვეა.
მეც ასე ყოველ საღამოს 11 საათზე ვეუბნებოდი ირაკლის ხვალამდე და ზუსტად ვიცოდი რომ ეს ხვალ იქნებოდა, თანაც როგორი იქნებოდა. ასევე ვიცოდი -ასე იქნებოდა ზეგ, მას ზეგ …… ხვალამდე.
25 ივლის საღამოს ვლადიმერ ვისოცკიზე ვისაუბრეთ. მისი გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა. მაშინ მოსკოვში სწავლობდა და მიყვებოდა გასვენების ამბებს. მაინც საბჭოთა კაცი ხარ – ღიმილით ვუთარი და ხვალამდე დავემშვიდობე.
მე ისევ ვიცი ზუსტად აქ რა იქნება ხვალ, ზეგ.
მხოლოდ ერთი, აღარასდროს გეტყვი ხვალამდეს.
ნახვამდის.
მადლობა ერთად გატარებული ამ ერთი წლისთვის და უანგარო მეგობრობისთვის. უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ. ვერც ვერავის გავუზიარებ აქ წუხილს, ამიტომაც დაგიწერე ეს სიტყვები, რომელიც ნახვამდის გაგყვება”- წერს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაში,,რა გაზეიმებს შე უბედურო”-ირაკლი კაკაბაძე ღარიბაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიააქცია “ლამფებით” ბიძინა ივანიშვილის სახლთან