2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება

2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არგუმენტირებული ესე 20-ის ნაცვლად 24 ქულით შეფასდება, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებზე ისაუბრა.

თავის მხრივ, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯანგურიამ განმარტა, რომ პირველ დავალებას, ტექსტის რედაქტირებას, რომლის მიზანიც შეცდომების გასწორებაა, მოაკლდა 4 ქულა – 20-ის ნაცვლად უმაღლესი ქულა 16 იქნება, ასევე „ცოტა ნაკლები შეცდომები იქნება დაშვებული ტექსტში და შემცირდება ტექსტის მოცულობაც“.

ამის პარალელურად, მისივე თქმით, არგუმენტირებულ ესეს დაემატება 4 ქულა და 20-ის ნაცვლად 24 ქულით შეფასდება.

“20 ქულა ცოტა ნაკლები იყო შეფასების დროს, რადგან ისე კარგ რანჟირებას ეს ვერ აკეთებდა, როგორც 24 ქულიანი შეფასების კრიტერიუმები გააკეთებს. უფრო კარგად გამოჩნდება ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოებული ადამიანები”, – განაცხადა კახა ჯანგურიამ.

მისივე თქმით, არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმებშიც არის გარკვეული კორექტირება.

“ემატება კრიტერიუმები და ცოტა კორექტირებულია. უფრო მეტი ყურადღება ექცევა მსჯელობის არაშაბლონურობას, დამოუკიდებელ აზროვნებას, სათანადო არგუმენტების მოყვანას, დამატებულია კიდევ ერთი კრიტერიუმი – ფაქტობრივი სიზუსტე, ფაქტობრივ შეცდომას თუ დაუშვებს აბიტურიენტი, მას ერთი ქულა დააკლდება”, – გაანცხადა კახა ჯანგურიამ.

ზოგადად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის უმაღლესი ქულა არ შეიცვლება და 80 იქნება.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ქართული ენის გარდა გარკვეული ცვლილება შეეხება მათემატიკის გამოცდას. კერძოდ, საგამოცდო დავალებები გამარტივდება.

banner
წინა სტატიაში,,კახა კალაძეს აშკარად თბილისის მერობაზე მეტი ამბიცია აქვს”- ხუხაშვილი ,,ოცნების” შიგნით დაპირისპირებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია5 ნაცვლად 20 ლარი – მუნიციპალური ტრანსპორტის ჯარიმა იზრდება