,,კახა კალაძეს აშკარად თბილისის მერობაზე მეტი ამბიცია აქვს”- ხუხაშვილი ,,ოცნების” შიგნით დაპირისპირებაზე საუბრობს

„პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და ძალიან საეჭვოა მან ეს კრიზისი დაძლიოს. როგორც უნდა გადაჯგუფდნენ მათგან არაფერი გამოვა, რადგან ის მთლიანად კომპრომეტირებულია, მათი რეაბილიტაციის შანსს კი ვერ ვხედავ“, – აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილი. მისივე თქმით, ამომრჩეველი ახალ არჩევანს ეძებს და ამის კარგი ინდიკატორი ელისაშვილის ფიგურა იყო. ექსპერტი თბილისის არჩეული მერის კახა კალაძის ამბიციებზეც საუბრობს.

„კახა კალაძეს აშკარად თბილისის მერობაზე მეტი ამბიცია აქვს. ამის ერთ მაგალითს მოვიყვან: დასრულდა არჩევნები, მაგრამ საქართველოში პირველად მოხდა, რომ არჩეულმა პირმა პერსონალური საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, გააგრძელა. თუ გაივლით ქალაქში, ნახავთ ბილბორდებს, რომლებზეც კახა კალაძე მადლობას იხდის ნდობისთვის. ეს მეტყველებს, რომ მას აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური მიზნები და თბილისის მერობა არ არის მისთვის კარიერის მწვერვალი. მან დაიწყო ხანგრძლივი პოლიტიკური თამაში. იმასთან შედარებით, რაც ხდება “ქართულ ოცნებაში” პროფესიონალიზმის, იდეების, პოლიტიკური ალღოს ნაკლებობის თვალსაზრისით, კალაძე ნამდვილად გამორჩეული ფიგურაა. მან ბევრი იმუშავა და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად. სხვა საკითხია, რომ მის შესაძლებლობებსაც აქვს თამასა, რაზეც გადახტომა ძალიან გაუჭირდება – მისი, როგორც ნაციონალური ლიდერის პერსპექტივას, სკეპტიკურად ვაფასებ“, – აცხადებს ექსპერტი.

„დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და ძალიან საეჭვოა, მან ეს კრიზისი დასძლიოს. როგორც უნდა გადაჯგუფდნენ, მათგან არაფერი გამოვა, რადგან ის მთლიანად კომპრომეტირებულია, მათი რეაბილიტაციის შანსს კი ვერ ვხედავ. ასევე ფიქრობს ამომრჩეველთა უმეტესობა, ისინი, ვინც არ მივიდნენ არჩევნებზე. საბოლოოდ ყველაფერი გადაწყვიტა არა პოლიტიკურმა არჩევანმა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რესურსებმა, რაც მეტი ჰქონდა სახელისუფლებო ძალას. ამ საყოველთაო მობილიზაციის პირობებშიც კი ამომრჩევლის აქტივობა 50%-მდეც კი არ იყო. ადამიანები ეძებენ ახალ არჩევანს და ამის ძალიან კარგი ინდიკატორი იყო ალეკო ელისაშვილი, რომელსაც არ ჰქონდა არც რესურსი, არც გამოცდილება, არც განსაკუთრებული თვისებები… მან ვერ მოიგო ერთადერთი მიზეზით – ამომრჩეველმა კი დაიჯერა, რომ მას ჰქონდა ვითარების გამოსწორების სურვილი, მაგრამ ვერ ირწმუნა, რომ ამას შეძლებდა. მან შედეგი აჩვენა არა იმიტომ, რომ მაგარია, არამედ იმიტომ, რომ შეძლო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჭაობის ლუსტრირება. მეორე მხრივ, რადგან ამომრჩეველს აქვს მესამე არჩევანის მოთხოვნილება, ის აუცილებლად გამოჩნდება. პოლიტიკაში, ისევე როგორც ეკონომიკაში, მოქმედებს კანონი: თუ არსებობს მოთხოვნა, ჩნდება მიწოდებაც”, – განმარტავს გია ხუხაშვილი.

როგორც ექსპერტი ამბობს, „შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებზევე ვნახოთ სიურპრიზები. თუ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, ის საპარლამენტო არჩევნბზეც განწირული იქნება. სხვათა შორის, ამ არჩევნებზეც ბეწვის ხიდზე გაიარა კალაძემ. ეს არ იყო იოლი გამარჯვება“.

„ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები არსებობს, მაგრამ მათ ამბიციებზე მაღალი აზრის ვერ ვარ და აგიხსნით, რატომ: “ქართულ ოცნებაში” შიდა ინტრიგები, კულუარული დაპირისპირებები და საკუთარი ბოსტნის გაფართოების მცდელობა არის და მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ დღესდღეობით “ქართული ოცნების” ყველა ჯგუფი სწორებას ივანიშვილზე აკეთებს და მის რესურსებზე პარაზიტირებს. ყველაფერი ივანიშვილამდე მიდის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ის აქტიურად მართავს ქვეყანას – უბრალოდ, ყველაფერი მის ფაქტორს ეყრდნობა. დაპირისპირებებს მხოლოდ შიდა ფაციფუცის სახე აქვს, ამიტომაც ამ ჯგუფში ოპოზიციის გაჩენა შეუძლებელი მგონია. აქ არ არის ხალხი, ვისაც შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ამ მიმართულებით მხოლოდ კახა კალაძის ჯგუფი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ესეც მხოლოდ თეორიულად. ეს ჯგუფი ყველა მიმართულებით გაძლიერდა, ამ ჯგუფს თეორიული შანსი გაუჩნდა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყოს, მაგრამ იქამდე კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რა დროსაც, კაცმა არ იცის, არ შეიძლება მოხდეს“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

„კვირის პალიტრა“

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია წინააღმდეგია, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ
შემდეგი სტატია2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება