პატრიარქმა მოუწოდა მრევლს, მახათას მთაზე ჯვრის აღმართვას დაესწროს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოუწოდა მრევლს, ვისაც საშუალება აქვს, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარზე ჯვრის აღმართვას დაესწროს.
სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დასრულდა. პატრიარქი, სასულიერო პირებთან ერთად, მახათას მთაზე გაემართა, სადაც ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარზე ჯვარი აღიმართება. სიონის ტაძრის დატოვებამდე პატრიარქმა მრევლს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. უწმინდესის თქმით, ეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენთვის, ქართველი ხალხისათვის.
“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოვიდა განგებით ღვთისაგან. ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა უნდა მოსულიყო, რომ გამხდარიყო დედა იესო ქრისტესი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა უნდა მოსულიყო, რომ ღვთისმშობელი ყოფილიყო საქართველოს მფარველი, საქართველო ყოფილიყო ღვთისმშობლის წილხვედრი”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, უფალი ყოველ ჩვენგანს ცნობს და იცის, რისთვის უნდა მოვიდეს ამ ქვეყანაზე, რა ბედი ექნება მას. პატრიარქის თქმით, უფალი ხედავს მომავალს, ისევე როგორც ხედავს წარსულს.
“შევთხოვთ უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიფაროს საქართველო, არ აიღოს ხელი ჩვენი ცოდვების გამო ჩვენზე”, – ბრძანა უწმინდესმა.
ამასთან, ქადაგების ბოლოს პატრიარქმა მოუწოდა მრევლს, 12.00 საათზე მახათას მთაზე მშენებარე ტაძარზე ჯვრის აღმართვას დაესწროს. ვისაც კი ამის საშუალება აქვს.
სიონის ტაძარში პროტოპრევსიტერმა გიორგიმ განაცხადა, რომ პატრიარქის კურთხევით, დღეს, ტაძრებში 12.00 საათზე ლოცვები შესრულდება. მან მიმართა მრევლს, რომ დარჩნენ ტაძარში და დაესწრონ 12.00 საათის ლოცვას.

banner
წინა სტატიაში,,უცნაურობების კასკადს დავარქმევდი იმას, რაც დღეს ქართულ მედიაში ხდება”
შემდეგი სტატიაიანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა