იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარი-აგვისტოს წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 %-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1459 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4937 მლნ. აშშ დოლარს (10 %-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 3478 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1982 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 413 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1569 მლნ. აშშ დოლარი (2 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აგვისტოში 31 პროცენტი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 1791 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 23 %-ით ნაკლები). აქედან ექსპორტი 556 მლნ. აშშ დოლარი (45 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1235 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 %-ით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 31, 52 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-აგვისტოში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აგვისტოში 9 პროცენტი).
2015 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია – თურქეთი (988 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (530 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (476 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 172 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 149 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 125 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-აგვისტოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 443 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი 428 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 317 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა მოუწოდა მრევლს, მახათას მთაზე ჯვრის აღმართვას დაესწროს
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი სტატისტიკის დეპარტამენტს ციფრების გაყალბებაში ადანაშაულებს