ოჯახის ხარჯი წლის ბოლოს, საშუალოდ, 25%-ით გაიზრდება

ერთი დოლარის ღირებულება 2.17 ლარი გახდა

ლარის დევალვაციის, გაძვირებული პროდუქტის, ენერგოტარიფებისა თუ სხვა მომსახურების გამო, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ყოველდღიურად მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ ფასების ზრდა არ შეჩერდა და ინფლაციის მაჩვენებელმა 10%-ს მიაღწია, მაშინ ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა ერთბაშად გაიზრდება. ეკონომისტების გათვლებით, ასეთ შემთხვევაში საშუალო ფენის 10-12% ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს საშუალო ფენა, მოსახლეობის 1/4-ს ჩამოცდება და დაახლოებით 1/6 იქნება.

საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მძიმდება. ლარის კურსის ვარდნისა და ენერგოტარიფების ზრდის ფონზე პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტი უკვე გაძვირდა. ინფლაციის დონემაც მიზნობრივ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა და 5,4% შეადგინა. საბოლოო ჯამში, ლარის გაუფასურების გამო, წლის განმავლობაში ერთი რიგითი ოჯახის ხარჯი მინიმუმ 300 ლარით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ხარჯებში გაძვირებული ელექტროენერგიის წილი სამკმაოდ მაღალია. ეკონომისტების გათვლით, თბილისში მთელი თვის განმავლობაში ერთი რიგითი ოჯახის ენერგოხარჯი დაახლოებით 30-40 ლარით გაიზრდება. სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბები მკვეთრად იზრდება, რიგითი ადამიანები ამით ძლიერ დაზარალდებიან.გაძვირებული ტარიფების ტვირთს მხოლოდ სოცდაუცველები ვერ იგრძნობენ, რადგან მთავრობა საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას მხოლოდ მათთვის აპირებს. დანარჩენები კი, ხელისუფლებამ ისევ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.

ეკონომისტების ნაწილის პროგნოზით, ოჯახის ხარჯი წლის ბოლოს, საშუალოდ, 25%-ით გაიზრდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წელს ერთი ოჯახის საშუალო ხარჯი 956,2 ლარი იყო. თუ ამას 25%-იან ზრდას, ანუ 240 ლარს დავუმატებთ, გამოვა, რომ ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური ხარჯის გრაფაში სტატისტიკის სამსახური 956,2 ლარის ნაცვლად, 1196 ლარს ჩაწერს.

უფრო მეტად მოიმატებს იმ ოჯახების ხარჯი, რომელთაც კრედიტი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. ასეთი შემთხვევაში, ყოველთვიურმა ხარჯმა, შესაძლოა, 500 ლარსაც კი გადააჭარბოს. ამ ყველაფრის ფონზე, გამორიცხული არ არის, მოსახლეობის საშუალო ფენა კიდევ უფრო შემცირდეს და მათმა ნაწილმა ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლოს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია სიღარიბის მაჩვენებელი 9-10%-ის ფარგლებში იყო. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რეგისტრირებული წილი 2011 წელს – 9,2%, 2012-13 წლებში კი -9,7% იყო. რაც შეეხება 2014 წელს, შარშან ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 11,6% შეადგინა.

არაოფიციალურად კი საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 50%-ზე მეტია. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის გათვლებით, ქვეყანაში მდიდრებისა და შეძლებულების რაოდენობა დაახლოებით 20%-ს შეადგენს, 25% საშუალო ფენას განეკუთვნება, დანარჩენი კი ღარიბთა კატეგორიაშია. იმ შემთხვევაში თუ ფასების ზრდა გაგრძელდა, წლის ბოლოს საშუალო ფენა მნიშვნელოვნად შემცირდება და ღარიბთა კატეგორიას დამატებით 10-12% მიემატება.

“რამდენი გადაინაცვლებს საშუალო ფენიდან ღარიბთა კატეგორიაში, ეს დამოკიდებულია 2 ფაქტორზე: ერთი – საშუალო ფენის სიდიდეზე, მეორე კი – ინფლაციის მაჩვენებელზე. ჩვენ არ გვაქვს კანონიზირებული სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საშუალო ფენის აბსოლუტური სიდიდე, თუმცა არსებობს ექსპერტული გაანგარიშება. ეს არის დაახლოებით 23-25%. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მაჩვენებელიც მიაღწევს 10%-ს, საშუალო ფენიდან ღარიბთა კატეგორიაში 10-12% გადავა. საბოლოო ჯამში, დღეს თუ საშუალო ფენა ქვეყნის მთელი მოსახლეობის 1/4 შეადგენს, წლის ბოლოს უკვე 1/6 იქნება”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

კონკრეტულად იმის თქმა, თუ რა პროცენტით შემცირდება საშუალო ფენის წილი მთლიან მოსახლეობაში, სოციოლოგ ნოდარ კაპანაძეს უჭირს. იგი ადასტურებს, რომ ლარის დევალვაციაც და ენერგოტარიფების ზრდაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

“ლასიკური გაგებით, საქართველოში საშუალო ფენას ძალიან ცოტა ადამიანი განეკუთვნება. ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ამ ოჯახებზე შედარებით ნაკლებად იმოქმედებს. ამ ფენას უფრო მეტად ლარის დევალვაციის შედეგად გაძვირებული სესხი დააზარალებს. ელექტროენერგიის ტარიფი და სამომხმარებლო ფასების ზრდა უფრო მეტად ღარიბებს დაარტყამს და მათ უფრო მეტად გააღარიბებს.

თუკი მთავრობა მოიფიქრებს და გადაწყვეტს, რომ რაღაც ისეთი ტიპის ღონისძიება გაატაროს, რომელიც სიღარიბის შემცირებას მოახდენს, მაშინ ტარიფების მატება თუ ლარის დევალვაცია მოსახლეობას მძიმედ არ დააწვება. ამისათვის საჭიროა სტრატეგიის შემუშავება და მისი გეგმაზომიერად მიყოლა. სტრატეგიაში სადღეგრძელოების კრებულს არ ვგულისხმობ. თუ ეს არ გაკეთდა, სხვაგვარად მოსახლეობის ყოფითი პირობები კიდევ უფრო დამძიმდება”, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

საერთოდ, სიღარიბე კეთილდღეობის ნაკლებობის მაჩვენებელია. მისი სიდიდე კი დამოკიდებულია იმაზე თუ რის მიხედვით ანგარიშობენ მას ამა თუ იმ ქვეყანაში. თუკი დასავლეთ ევროპაში სიღარიბის მაჩვენებლის გათვლისას მნიშვნელოვანი `მისაწვდომობის კომპონენტია~ (ანუ რამდენად მიუწვდება მოქალაქეს ხელი სასურველ განათლებაზე, მაღალხარისხიან ჯანდაცვაზე, უსაფრთხო საკვებსა და ა.შ.), საქართველოში იგი მინიმალურ სასურსათო კალათას დამატებული მინიმალურ არასასურსათო ხარჯთან ასოცირდება.

ჩვენთან რომ მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ამაზე “ჯინის” კოეფიციენტიც მიუთითებს. “საქსტატის” ინფორმაციით, მთლიანი ფულადი ხარჯების მიხედვით, “ჯინის” კოეფიციენტი – 0,48-აა. სპეციალისტების თქმით, როდესაც “ჯინის” კოეფიციენტი 0,40-ზე მაღლაა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენციაცია დიდია. სპეციალისტთა თქმით, არა მარტო ევროპაში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი საქართველო ერთადერთია, სადაც შემოსავლებს შორის სხვაობა ძალიან მაღალია.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა სტუდენტები დალოცა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ ხინჩიგაშვილს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს