“ტყუილის მთქმელს, ის სარგებელი აქვს, რომ მართალსაც არ დაუჯერებენო” – სწორედ, ამ ქართულ ანდაზას ამართლებენ წალენჯიხაში, ქალაქ ჯვარში “მოღვაწე პოლიტიკოსები”, რომლებიც, თავიანთ შეთითხნილ სიცრუის სქემებში აიხლართნენ.
მოვყვეთ ქრონოლოგიურად:
დავიწყოთ იმით, რომ ირაკლი ხარჩილავას, რეიტინგი არასდროს ჰქონია და ამას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯვარის შედეგებიც მოწმობს.
მაშინ, ხარჩილავა და ქანთარია „ევროპულ საქართველოში“ გადავიდნენ და ბოკერიას პარტიის რეიტინგიც განახევრდა, ანუ, თუ ამ პარტიამ 2017 წლის არჩევნებზე 209 ხმა აიღო, 2020 წელს, მათი შედეგები განახევრდა და მხოლოდ 104 ხმა ერგოთ წილად. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, რომ ვიმსჯელოთ, ლოგიკური დანასკვი იქნება, თუ ვიტყვით, რომ პარტიაში, ხარჩილავა-ქანთარიას მისვლის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ იმიჯი გაცამტვერდა და შესაბამისად, ეს რეალობა არჩევნების შედეგებზეც აისახა.
სამაგიეროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 698 ხმა აიღო. საგულისხმოა, რომ ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა წალენჯიხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კახაბერ ციმინტია და მისი მეუღლე, ლანა შენგელია ჯვარში „ევროპული საქართველოსთვის“ მუშაობდნენ.
სხვათა შორის, წალენჯიხაში მოარული ხმები, რომ თითქოს, ირაკლი ხარჩილავა “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, მტკნარი სიცრუეა. დადასტურებული ინფორმაციით, ირაკლი ხარჩილავა ენმ-ს წევრი არასდროს ყოფილა. რაც შეეხება, ბაჩო ქანთარიას, მან, წალენჯიხაში ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნების, წინა დღეს, დაწერა განცხადება პარტიაში გაწევრიანებაზე. შესაბამისად, ის დაახლოებით ორი თვეა ენმ-ს რიგებში ირიცხება, მანამდე ბაჩო ქანთარია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა. არადა, პარტიული ლოგიკაა – როცა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გადიხარ, მინიმუმ, პარტიის წევრი მაინც უნდა იყო. არც, ის კარგავს ფასს, არჩევნებამდე, ერთი დღით ადრე, თუ გახდები პარტიის წევრი, მაგრამ მაინც. ისე, ქანთარიას, თავად, არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ენმ-ს წევრი არაა, თუმცა, ბოლოს, როცა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრიდა, ენმ-ს ერთგულ წევრობაზე დებდა თავს.
აქვე, ერთი საინტერესო დეტალი:
2020 წელს, წალენჯიხაში ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის მაშინდელი თავმჯდომარე, ავთანდილ გაბელია კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ ჯვარის მაჟორიტარად, ბაჩო ქანთარიას კანდიდატურა დასახელებულიყო, რადგან მიაჩნდა, რომ ამით პარტია, ხმებს დაკარგავდა, მაგრამ გია ხარჩილავას ინიციატივით, ქანთარიას კანდიდატურა მაინც დარჩა და გავიდა კიდეც. ცნობილი ფაქტია, რომ გია ხარჩილავა პერსპექტიულ ახალგაზრდებს ანიჭებს უპირატესობას, შესაბამისად, ის მიიჩნევდა, რომ ბაჩო ქანთარია ახალგაზრდა და პერსპექტიული კანდიდატურა იყო.
კიდევ, ერთი რამ:
2016 წელს ირაკლი ხარჩილავამ, რომელიც „ევროპული საქართველოს” კანდიდატი იყო, არჩევნებში კატასტროფული მარცხი განიცადა. ეს ხდება, მაშინ, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას” კანდიდატი არ ჰყავდა.
ამით, ყველაფერი არ მთავრდება:
2012 წლიდან მოყოლებული, 2017-18, ასევე, 2020-21 წლების არჩევნების ჩათვლით, ქალაქ ჯვარში, “ნაციონალურ მოძრაობას”, არც ერთი უბანი არ წაუგია, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ გამონაკლისს: 2020-21 წლის არჩევნებზე ჯვარის მე-5 უბანზე, გამარჯვებისთვის არასაკმარის ხმათა რაოდენობას.
უფრო კონკრეტულად კი:
წალენჯიხის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან ქარდავამ 2016 წელს ოთხივე უბანი მოიგო, თუმცა, პარტიის ხელმძღვანელობა ვერ იხსენებს ხარჩილავა-ქანთარიას აქტივობას და რაც ყველაზე მთავარია, იმ პერიოდში ლევან ქარდავას გარემოცვაში ისინი არავის დაუნახავს. შესაბამისად, მათი წვლილი გამარჯვებაში, ან ძალიან მცირეა, ან საერთოდ, არც არის. უფრო მეტიც, 2012 წლიდან 2020 წლამდე, ირაკლი ხარჩილავასა და ბაჩო ქანთარიაზე, პარტია ინფორმაციას არ ფლობდა, მხოლოდ 2020 წლიდან გახდა ცნობილი ამ ახალგაზრდების არსებობის შესახებ, როცა მათი აქტივობა, მხოლოდ გინებით შემოიფარგლებოდა.
როგორც ამბობენ, “მადლს ხვალამდე ივიწყებენო”. ფაქტია, რომ ხარჩილავა-ქანთარიას წყვილმა და მათმა თანამოაზრეებმა, ასე დაივიწყეს, თუ რა წარმატება ჰქონდა და აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” ქალაქ ჯვარში.
სხვადასხვა წლებში, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, “ნაციონალური მოძრაობის” შედეგების მონაცემები, პარტიიდან მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაციის მიხედვით მივაწოდეთ “თაიმერის” მკითხველს. შესაბამისად, სტატიაში აღნიშნული თითოეული დეტალის ჭეშმარიტება, ეჭვგარეშეა.
ბერდია კალანდია