მინსკის შეთანხმების ამოქმედების მიუხედავად, უკრაინის რეგიონში შეტაკებები არ წყდება

დღეიდან უკრაინის აღმოსავლეთში მძიმე შეიარაღების გაყვანის პროცესი უნდა დაიწყოს, თუმცა მინსკის შეთანხმების ამოქმედების მიუხედავად, შეტაკებები რეგიონში არ წყდება.

პრორუს სეპარატისტებს უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იერიშები მიაქვთ. ორმხრივი შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტები აგრძელებენ იერიშს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ დებალცევოზე, რომელსაც ჯერ კიდევ უკრაინელები აკონტროლებენ. პრორუსი ძალები ამ სტრატეგიული ქალაქის აღებას კვირაზე მეტია ცდილობენ. სეპარატისტებს დებალცევოს აღებაში რუსეთიდან ჩასული მებრძოლებიც ეხმარებიან. დებალცევოსთან ინტენსიური ბრძოლების გამო, ქალაქში შესვლას ვერ ახერხებს ეუთოს მონიტორინგის მისია. მისია ვითარებას მთელ აღმოსავლეთში აკვირდება.

დონეცკში აფეთქების ხმა გუშინ პერიოდულად ისმოდა. ჭურვები ქალაქის რამდენიმე უბანში ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობები კიდევ ერთხელ განიხილეს ნორმანდიული კვარტეტის წარმომადგენლებმა.

პეტრო პოროშენკომ და ანგელა მერკელმა მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს, დებალცევოსთან მობილიზებულ პრორუს ძალებს უკან დაახევინოს და მძიმე შეიარაღების გაყვანა აიძულოს. მოსკოვს სეპარატისტებზე ზემოქმედებისკენ ვაშინგტონმაც მოუწოდა. ნორმანდიის კვარტეტის ლიდერებთან სატელეფონო საუბრამდე მინსკის შეთანხმების შესრულებაზე რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს წევრებთან იმსჯელა.

banner
წინა სტატიაშირას მოითხოვს ანტიკორუფციული სამსახური მერიისგან ?
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა მაინც სჭირდება