ირაკლი შოთაძე: წამების და სქესობრივი ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით არის დასჯილი

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. კასრების საქმეზე ბრალდებული ყველა პირი დაკავებულია, გარდა იმ 2 პირისა, ვინც მიმალვაში იმყოფება.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე განხილვები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, სადაც პროკურატურა ამ საქმეზე მსჯავრდებულებისთვის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს.

„ბრალდების მხარემ ძალიან დიდი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ამ საზარელი წამების და სქესობრივი ძალადობის ჩამდენი ყველა პირი დასჯილიყო და ეს ჩვენ მოვახერხეთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააპელაციო განხილვები და ჩვენ ვითხოვთ საქმეში მსჯავრდებული პირებისთვის სასჯელის დამძმებას. ამ ეტაპზე გარეთ არავინ არ არის. წამებაში და სქესობრივ ძალადობაში ბრალდებული ყველა მსჯარვდებულია და სასჯელს იხდის, გარდა ორისა, რომლებიც არიან მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა. მათზე საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობს“, – განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება ე.წ. კასრების საქმის მასალების ვიდეო კადრების გავრცელებას უკრაინულ პორტალზე, შოთაძის თქმით, ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, თუ ვის შეიძლება ჰქონოდა ეს კადრები. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიების გარეშე მსჯელობა შეუძლებელია.

„მე ვერ გიპასუხებთ როგორ მოხდა ეს ვიდეო მასალა უკრაინულ ვიდეოპორტალზე. ამაზე შსს-მ დაიწყო გამოძიება და ამ კითხვას შეძლებისდაგვარად პასუხი გაეცემა. ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ჰქონდა კადრები. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ვიდრე ეს კადრები აღმოჩნდებოდა გამოძიების და პროკურატურის ხელში, ის იყო ჩაფლული მიწაში და შესაბამისად, თუ ვისთან ინახებოდა და ვისთან იყო ეს კადრები, ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, ბევრ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა. ამიტომ, ამაზე გამოძიების გარეშე მსჯელობა შეუძლებელია“, – განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კადრების საჯარო ჩვენება არ უნდა ხდებოდეს, მისი შინაარსიდან გამომდინარე.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3782 ლარი გახდა
შემდეგი სტატიამოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევა