თბილისში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 18 ნომერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ სერვისცენტრი გაიხსნა.

ახალი მომსახურების ოფისი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა დაათვალიერეს.
როგორც სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ციკოლიამ აღნიშნა, სერვისცენტრის მთავარი ამოცანა, სამთავრობო ინიციატივის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ბენეფიციარებისათვის საინტერესო და საჭირო კითხვებზე სრული და ამომწურავი ინფორმაციის გაცემა იქნება.
მისივე თქმით, სერვის-ცენტრი ხელმისაწვდომს ხდის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა სრული ინფორმაციით უზრუნველყოფას.
ციკოლიას განცხადებით, სერვისცენტრი მეწარმეებს შეუძლიათ გამოიყენონ შეხვედრების გასამართადაც, აქვე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია სასარგებლო ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების კუთხით.
„ეს იქნება ცენტრი, სადაც ყველა მეწარმე მიიღებს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მას აინტერესებდეს სახელმწიფოს მიერ მიწოდებული პროგრამების ფარგლებში. აქ იქნება კონსოლიდირებული სერვისები, უკვე 80-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ჩვენი პროგრამით, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე და ასევე მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება, რაც დამატებით რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს ნიშნავს საქართველოსთვის. ჩვენი იდეაა, რომ ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომლის შემდეგაც უკვე გაცილებით ფართო ცენტრი გაიხსნება, სადაც იქნება როგორც ჩვენი სამინისტროს, ასევე  სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და სხვა უწყებების ფარგლებში არსებული პროგრამების სერვისები, რათა ერთი ფანჯრის პრინციპით ყველა მეწარმემ მიიღოს კონსოლიდირებული ინფორმაცია. ამის გარდა, იქვე შეიძლება განთავსდეს რეესტრის თანამშრომელი, რათა ადგილზევე იყოს ყველა სერვისი, რაც საჯარო რეესტრთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ღია სივრცის პრინციპით მოწყობილ ოფისში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასო ინტერნეტით ისარგებლოს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებზე და გამოიყენოს ბიზნესის კუთხით არსებულ საგანმანათლებლო ლიტერატურაზე ორიენტირებული ბიბლიოთეკა.
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს საინფორმაციო ცენტრს შემდეგ მისამართზე: მარჯანიშვილის ქ. №5/16-18, 0102 უზნაძის ქუჩა # 18.  ცხელი ხაზი: 2 99 10 44/ 2 99 11 28
banner
წინა სტატიაშიინგლისური ბენდი Placebo სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება
შემდეგი სტატიასაბურთალოზე ნგრევას სავარაუდოდ 17 წლის მოზარდი მამასთან ერთად ემსხვერპლა