ვანო ჩხარტიშვილის ყველა საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავს – მიმართვა მთავარ პროკურატურას

ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის განცხადებით, მოსამართლე გიორგი სულაკაძის ქმედების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით უახლოეს დღეებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსსა და მთავარ პროკურატურას მიმართავენ.

„გამიჭირდება თქმა, რა მეთოდით ხვდება მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან ყველა ის საქმე, რომელშიც ამა თუ იმ ფორმით მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, მე შემიძლია ეს საქმეები ჩამოვთავალო: ფოთის წისქვილქარხანა, რომელიც მიმართულია „ტრანსფორდის“, „პორტლენდისა“ და „აგრიკომის“ წინააღმდეგ, მეორე სარჩელი არის „ჯეესკოს“ და „პრომედკოს“ სარჩელი; გარკვეულ შემთხვევებში კომპანია „ტრანსფორდის“ და ფოთის საზღვაო ნავსადგურის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ კანონდარღვევასაც არ აერიდებიან, იმისათვის რომ სარჩელი გიორგი სულაკაძესთან მოხვდეს. გეტყვით, რას ვგულისხმობ: გასულ წელს „ჯეესკომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელიც განსახილვევლად გიორგი სულაკაძეს გადაეცა, მერე ისე მოხდა, რომ „ჯეესკოს“ სარჩელი დააზუსტა და კომპანია „პრომედკოს“ სახელით ითხოვდა. ბუნებრივია, მოსამართლეს სარჩელი საერთოდ არ უნდა მიეღო წარმოებაში. მიუხედავად იმისა, მოსამართლე გიორგი სულაკაძემ, საკუთარი განჩინებით, საქმეში სრულიად უკანონოდ შემოიყვანა „პრომედკო“. ეს მანიპულაცია ცხადია, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ყველა ეს საქმე გიორგი სულაკაძესთან მოხვედრილიყო. მეტიც, ფოთში ანალოგიური სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. 2015 წლის 29 სექტემბერს ფოთის საქალაქო სასამართლომ განჩინება გამოიტანა, რომლითაც ფოთის საქალაქო სასამართლოში და გიორგი სულაკაძის მიერ წარმოებული საქმეები გაერთიანდა. ამ საქმეს ახალი ნომერი მიენიჭა და ფოთის საქალაქო სასამართლოს დაექვემდებარა.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სულაკაძეს დაუყონებლივ უნდა გადაეგზავნა ეს საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში, მან ფოთში გადაგზავნაზე უარი განაცხადა და იმ საქმის განხილვა გააგრძელა, რომელსაც ნომერიც კი არ გააჩნია. ორი პროცესი გაიმართა, პირველი 8 ოქტომბერს. ამ პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ მას სურს მხარეებს, – ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და კომპანია „ტრანსფორდის“ წარმომადგენლებს მოუსმინოს ფოთის სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით. ამის უფლება მას, ცხადია, არ ჰქონდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელიც იმავდროულად არის ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელი განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც საერთოდ არაფერ შუაშია. ეთანხმება თუ არ ეთანხმება, ამ ეტაპზე ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება, იგი საჩივრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. და ისიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

გიორგი სულაკაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ფუნქციებიც შეითავსა და განაცხადა, რომ მიუხედავად განჩინებისა, ის საქმის განხილვას აგრძელებს. როდესაც ჩვენ მისი აცილების საკითხი დავაყენეთ, სულაკაძემ გვითხრა, რომ ამ საკითხს ღიად ტოვებს და 26 ოქტომბერს დაუბრუნდება. 26 ოქტომბერს სხდომა მოსამართლემ სასამართლო სხდომა გააგრძელა და განაცხადა, რომ საქმეს ფოთში არ აგზავნის, რაზეც მე მას ვუთხარი, რომ ეს არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევაა, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლით ჩადენილი დანაშაულიც არის, ესაა ერთ–ერთი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შეშლა – მოსამართლე გიორგი სულაკაძე შეგნებულად უშლის ხელს ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. არ აგზავნის საქმეს და ფოთის სასამართლო ვერ აგრძელებს საქმის განხილვას. ამის შემდეგ მან სხდომა 10 ნოემბრისთვის გადადო.

ასევე ჩემი მარწმუნებლები უახლოეს დღეებში მიმართავენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსსა და მთავარ პროკურატურას, რათა შესწავლილი იქნეს მოსამართლე სულაკაძის ქმედების მართლზომიერების საკითხი“, – აცხადებს ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი.

ცნობისთვის, ივანე ჩხარტიშვილის დაქვემდებარებულმა კომპანიებმა – „ჯეესკომ“ და „პრომედკომ“ სასამართლოს ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და „ტრანსფორდის“ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე 2014 წელს მიმართეს.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე: სახელისუფლებო კანდიდატს სპეცუბნების შედეგების გარეშეც მოგებული ჰქონდა არჩევნები
შემდეგი სტატია“ხელისუფლებას სურს არჩევნები მოიგოს ბანდიტური მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით“